mercoledì 18 giugno 2008

კირილე ვეკუა

კირილე ვეკუა (დ. 4 მაისი/17 მაისი, 1891, სოფ. ახუთი, ზუგდიდის მაზრა (ახლანდელი ჩხოროწყუს რაიონი) — გ. 28 ივნისი, 1968, ბერლინი), ქართველი ქიმიკოსი.

დაიბადა სოფელ ახუთში, მღვდლის — მოსე (კონონ) ვეკუას და მზეხა (ევდუკი) გოგუას ოჯახში.

მას ჰყავდა უფროსი ძმები: ვლადიმერი და აკაკი. ვლადიმერი იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების აქტიური წევრი და სამეგრელოში ქართული ფოლკლორის უამრავი ნიმუში შეაგროვა. გარდაიცვალა 1945 წელს; აკაკი იყო ქუთაისში ცნობილი ექიმი-დერმატოლოგი. გარდაიცვალა 1964 წელს.

რაც შეეხება კირილეს, მან 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; მერე სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დროს, იყო სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში მიწის რეფორმის კომისიის ხელმძღვანელი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1921 წელს, კ. ვეკუა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1922 წლის 10 ოქტომბერს იგი სამუდამოდ გააძევეს საქართველოდან 62 სხვა პატრიოტთან ერთად. მათ შორის იყო შემდგომში დიდი ქართველი მეცნიერი კალისტრატე სალიაც.

1922 წლის დეკემბერში კ. ვეკუა ბერლინში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა.

1924 წელს მან სწავლა დაიწყო გეტინგენის უნივერსიტეტში. შემდეგ გადავიდა ბერლინის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1931 წელს და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის განხრით.

1935-1941 წლებში იგი მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში ხელოვნურ ნივთიერებათა და საღებავთა დარგში პროფესორ უბბელოჰდეს ხელმძღვანელობით.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არ დაუტოვებია ბერლინი და აქ იმყოფებოდა საბჭოთა ჯარების მიერ ბერლინის აღების დროსაც (1945 წლის მაისი). ომის შემდეგ მან განაგრძო მუშაობა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც გახსნა საღებავთა ლაბორატორია. აქ მუშაობდა იგი პენსიაზე გასვლამდე, ანუ 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მან გაზარდა გერმანელ ქიმიკოსთა არაერთი თაობა, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 25-ზე მეტი სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი.

1966 წელს მას გერმანიის სამეცნიერო წრეებმა დიდი ზეიმი მოუწყვეს დაბადებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად.

1966 წელს მან ევროპაში მივლინებით მყოფი ილია ვეკუას მეშვეობით მოახერხა თავის ძმისშვილებთან დაკავშირება და წერილებიც გამოუგზავნა.

1967 წლის ზაფხულში იგი საქართველოში ჩამოვიდა, მთელი საქართველო დაათვალიერა, რის შემდეგაც ისევ ბერლინში დაბრუნდა.

1968 წლის 28 ივნისს კ. ვეკუა ბერლინში გარდაიცვალა.

1989 წელს მისი არქივი საქართველოში ჩამოიტანა პროფ. გურამ შარაძემ და შესანახად ხელნაწერთა ინსტიტუტს (ახლანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) ჩააბარა.

ილია ვეკუა


ილია ნესტორის ძე ვეკუა (* 23 აპრილი, 6 მაისი, 1907, სოფ. შეშელეთი, გალის რაიონი ― † 2 დეკემბერი, 1977, თბილისი), ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ყოფილი სსრკ-ის მეცნიერებათ აკადემიის (1958) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1946) აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი (1969). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ილია ვეკუამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ , 1925 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისათვის. ასპირანტურის გავლის შემდეგ, 1933 წელს, ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ის კითხულობდა ლექციებს თანამედროვე მათემატიკის მრავალ დარგში. ი. ვეკუა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სამეცნიერო სემინარებისა, სადაც საკუთარი შედეგების შესახებ ხშირად გამოდიოდა მოხსენებით. აქედან დაიწყო მისი მრავალმხრივი პედაგოგიური მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა.

1937 წელს ი. ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში". იმავე წელს აირჩიეს დოცენტად.

1939 წელს ი. ვეკუმ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის". 1940 წელს იგი უკვე პროფესორია. 1940-1944 წლებში ი. ვეკუა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.

1944 წელს ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს აკადემიკოსად აირჩიეს.

1944-1947 წლებში ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში - თსუ—ის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1948 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია "ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები". ამ მონოგრაფიისათვის მას 1950 წელს სსრკ-ის სახელმწიფო და ლენინური (1963) პრემია მიეკუთვნა.

1951 წელს ი. ვეკუა მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა.

1958 წელს ი. ვეკუა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1959 წელს ი.ვეკუა ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. იყო ჟურნალ "Сибирский математический журнал"-ის რედკოლეგიის წევრი. 1959-1961 წლებში-ჟურნალ "Вестник Академии наук СССР"- ის რედკოლეგიის წევრი , სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე და სხვ.

1964 წელს ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა. მას პატივი ხვდა, ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი - 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ი. ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.

1969 წელს, როგორც გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ი. ვეკუას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო 5 ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით

1972 წლის მაისში ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი დიდი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა.

ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.