mercoledì 18 giugno 2008

კირილე ვეკუა

კირილე ვეკუა (დ. 4 მაისი/17 მაისი, 1891, სოფ. ახუთი, ზუგდიდის მაზრა (ახლანდელი ჩხოროწყუს რაიონი) — გ. 28 ივნისი, 1968, ბერლინი), ქართველი ქიმიკოსი.

დაიბადა სოფელ ახუთში, მღვდლის — მოსე (კონონ) ვეკუას და მზეხა (ევდუკი) გოგუას ოჯახში.

მას ჰყავდა უფროსი ძმები: ვლადიმერი და აკაკი. ვლადიმერი იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების აქტიური წევრი და სამეგრელოში ქართული ფოლკლორის უამრავი ნიმუში შეაგროვა. გარდაიცვალა 1945 წელს; აკაკი იყო ქუთაისში ცნობილი ექიმი-დერმატოლოგი. გარდაიცვალა 1964 წელს.

რაც შეეხება კირილეს, მან 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; მერე სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დროს, იყო სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში მიწის რეფორმის კომისიის ხელმძღვანელი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1921 წელს, კ. ვეკუა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1922 წლის 10 ოქტომბერს იგი სამუდამოდ გააძევეს საქართველოდან 62 სხვა პატრიოტთან ერთად. მათ შორის იყო შემდგომში დიდი ქართველი მეცნიერი კალისტრატე სალიაც.

1922 წლის დეკემბერში კ. ვეკუა ბერლინში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა.

1924 წელს მან სწავლა დაიწყო გეტინგენის უნივერსიტეტში. შემდეგ გადავიდა ბერლინის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1931 წელს და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის განხრით.

1935-1941 წლებში იგი მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში ხელოვნურ ნივთიერებათა და საღებავთა დარგში პროფესორ უბბელოჰდეს ხელმძღვანელობით.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არ დაუტოვებია ბერლინი და აქ იმყოფებოდა საბჭოთა ჯარების მიერ ბერლინის აღების დროსაც (1945 წლის მაისი). ომის შემდეგ მან განაგრძო მუშაობა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც გახსნა საღებავთა ლაბორატორია. აქ მუშაობდა იგი პენსიაზე გასვლამდე, ანუ 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მან გაზარდა გერმანელ ქიმიკოსთა არაერთი თაობა, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 25-ზე მეტი სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი.

1966 წელს მას გერმანიის სამეცნიერო წრეებმა დიდი ზეიმი მოუწყვეს დაბადებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად.

1966 წელს მან ევროპაში მივლინებით მყოფი ილია ვეკუას მეშვეობით მოახერხა თავის ძმისშვილებთან დაკავშირება და წერილებიც გამოუგზავნა.

1967 წლის ზაფხულში იგი საქართველოში ჩამოვიდა, მთელი საქართველო დაათვალიერა, რის შემდეგაც ისევ ბერლინში დაბრუნდა.

1968 წლის 28 ივნისს კ. ვეკუა ბერლინში გარდაიცვალა.

1989 წელს მისი არქივი საქართველოში ჩამოიტანა პროფ. გურამ შარაძემ და შესანახად ხელნაწერთა ინსტიტუტს (ახლანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) ჩააბარა.

ილია ვეკუა


ილია ნესტორის ძე ვეკუა (* 23 აპრილი, 6 მაისი, 1907, სოფ. შეშელეთი, გალის რაიონი ― † 2 დეკემბერი, 1977, თბილისი), ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ყოფილი სსრკ-ის მეცნიერებათ აკადემიის (1958) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1946) აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი (1969). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ილია ვეკუამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ , 1925 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისათვის. ასპირანტურის გავლის შემდეგ, 1933 წელს, ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ის კითხულობდა ლექციებს თანამედროვე მათემატიკის მრავალ დარგში. ი. ვეკუა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სამეცნიერო სემინარებისა, სადაც საკუთარი შედეგების შესახებ ხშირად გამოდიოდა მოხსენებით. აქედან დაიწყო მისი მრავალმხრივი პედაგოგიური მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა.

1937 წელს ი. ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში". იმავე წელს აირჩიეს დოცენტად.

1939 წელს ი. ვეკუმ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის". 1940 წელს იგი უკვე პროფესორია. 1940-1944 წლებში ი. ვეკუა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.

1944 წელს ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს აკადემიკოსად აირჩიეს.

1944-1947 წლებში ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში - თსუ—ის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1948 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია "ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები". ამ მონოგრაფიისათვის მას 1950 წელს სსრკ-ის სახელმწიფო და ლენინური (1963) პრემია მიეკუთვნა.

1951 წელს ი. ვეკუა მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა.

1958 წელს ი. ვეკუა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1959 წელს ი.ვეკუა ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. იყო ჟურნალ "Сибирский математический журнал"-ის რედკოლეგიის წევრი. 1959-1961 წლებში-ჟურნალ "Вестник Академии наук СССР"- ის რედკოლეგიის წევრი , სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე და სხვ.

1964 წელს ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა. მას პატივი ხვდა, ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი - 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ი. ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.

1969 წელს, როგორც გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ი. ვეკუას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო 5 ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით

1972 წლის მაისში ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი დიდი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა.

ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

mercoledì 28 maggio 2008

შტრიხები ვოვა ვეკუას პორტრეტისათვის (III ნაწილი)

აფხაზეთი-ტრაგიკული დაპირისპირება

აფხაზეთში მოვლენების შემდგომმა განვითარებამ დაგვანახა, რომ მერაბ კოსტავას გაკვალული და ვოვა ვეკუას მიერ მტკიცედ არჩეული გზა მესამე ძალის მხილებისა დაპირისპირებულთა გამოსაფხიზლებლად-ერთმანეთის გულების საპოვნელად იყო ერთადერთი და სწორი... საქართველოს ხელისუფლება კი, როგორც მანამდე, ასევე 15-16 ივლისის შემდეგაც, ადგა ყოველივეს მიჩუმათების, აფხაზეთის ქართველობის განსაცდელისადმი თვალის მოხუჭვის, საკუთარი ტყავის გაფრთხილების უნიათო პოლიტიკას. აუცილებელი იყო ობიექტური შეფასება მისცემოდა მომხდარს, პასუხი მოეთხოვათ ტრაგედიის ორგანიზატორებისა და უშუალო შემსრულებლებისათვის, მაგრამ ეს ასე არ მოხდა!

ქართველთა მხარემ 15-16 ივლისს მომხდარი ამბები გამარჯვებად აღიქვა. შესაძლოა, ეს მაშინ ნაწილობრივ ასეც იყო-აფსუებს უკანდახევის გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, მაგრამ ზიანი ქართველებს მეტი მიადგა, მოკლულებიც ბევრად მეტნი იყვნენ ქართველებში და დაჭრილ-დასახიჩრებულნიც. რაც მთავარია, მკაცრი იურიდიული შეფასების გარეშე ამ მოვლენების დატოვებამ აფსუებს სულ მოკლე ხანში კვლავ განუმტკიცა რწმენა, რომ საწადელს ეწეოდნენ... მათ უფრო გაუმძაფრდათ სიძულვილი, რაც უთუოდ ცენტრთან, “უფროს ძმებთან” კონსულტაციებისა და იმპერიისაგან კვლავ წაქეზების შედეგიც იყო. ქართველების მდგომარეობა აფხაზეთში უფრო აუტანელი გახდა... ასე რომ, ერთგვარი წარმატება სულ მალე მარცხის ტოლფას დათმობებში გადაიზარდა. უკვე არავინ ჩანდა ვოვას მსგავსი შუამავალი აფსუათა და ქართველთა შორის. სიმართლის ძიება კი მოითხოვდა ყოველივე ამის ობიექტურ ანალიზს კანონიერი, მშვიდობიანი მეთოდებით, არგუმენტირებული დასაბუთებით, ურთიერთდიალოგით. საჭირო იყო რეაქციული მესამე ძალის ბოლომდე მხილება, მაგრამ ამის გამბედაობა საქართველოს ფაქტიურმა ხელისუფლებამ შემდეგ, მესამე ძალისაგან თავსმოხვეული გაგანია ომის დროსაც ვერ გამოიჩინა. ხელისუფალნი ახლაც ვერ არქმევენ სახელს, რაც აფხაზეთში ხდებოდა და ხდებოდა,-რაც რუსეთისადმი მონური შიშისგან გამომდინარეობდა და დღესაც გამომდინარეობს, და რამაც სამარცხვინოდ დაგვაკარგვინა კიდეც აფხაზეთი.

”1989 წლის ივლისის ტრაგედიის შემდეგ აფხაზები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, უფრო დიდი გული მიეცათ, ისინი აშკარად აბუჩად იგდებდნენ ქართველებს, ისინი ცინიკურად დასცინოდნენ 9 აპრილის ტრაგედიას, ქართველთა გასაღიზიანებლად ისინი აშკარად ამართლებდნენ, ხოტბას ასხამდნენ რუსეთის არმიასა და რუს გენერლებს... აფხაზებს ქართველები თავიანთ დაუძინებელ მტრებად მიაჩნდათ, ამას აშკარად აცხადებდნენ და ამით კიდევ უფრო მეტ სიძულვილს უნერგავდნენ რიგით აფხაზებს ქართველთა მიმართ.

აფხაზები რომ გათავხედებულნი იყვნენ და არაფერს არ დაგიდევდნენ, ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება”...-წერს მირიან ჯალაღონია 1998 წლის გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში “მოლოდინი” და იქვე მოჰყავს შთამბეჭდავი მაგალითი: აფსუა ლადარიამ, რომელიც სახელდახელოდ გაიძახოდა: იცოდეთ, მალე, აფხაზეთში ქართველების დასამარხავი მიწაც არ იქნება როგორ მოკლა სრულიად უდანაშაულო ქართველი და ციხიდან მოკლე ხანში გათავისუფლდა.

აფსუებთან ურთიერთობისას ქართველებისადმი სიძულვილის სუსხი პირადად მეც რამდენჯერმე გამოვცადე. პირადული ხომ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საზოგადოებასაც და პირიქითაც.

ჩემთვის აფხაზეთი მუდამ მშობლიურად ძვირფასი იყო. იქ გატარებული ბავშვობის მონაკვეთები ერთ-ერთ უბედნიერეს პერიოდა შერჩა მეხსიერებას. მერეც, როცა საქმიანობით საკმაოდ დაშორებული ვიყავი,-თბილისიდანაც ვახერხებდი ჩავსულიყავ და როგორც ჟურნალისტს, ურთიერთობა მქონოდა აფხაზეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და აფსუებთან. სამსახურებრივი მივლინებებით და საკუთარი სურვილითაც ბევრჯერ ვყოფილვარ აფხაზეთის ყველა რაიონში. მათ შორის, რამდენჯერმე გუდაუთაშიც. 70-იან წლებში, სხვა და სხვა დროს მცირე მოცულობის ნარკვევები და ტელეგადაცემების სცენარი დავწერე გუდაუთელ მექანიზატორებსა და მეჩაიეებზე-ისინი აფსუები იყვნენ. ბევრი რამ აფსუებთან ურთიერთობისას მადლიერების გრძნობით, ძალზე თბილად დამამახსოვრდა, მაგრამ ამასთანავე, როგორც აღვნიშნე, გულნატკენი და აღშფოთებულიც ვყოფილვარ. ახლა მხოლოდ 15-16 ივლისთან დაკავშირებულ ამბავს გავიხსენებ, როგორც მაგალითს იმისას, თუ როგორ თავხედურად იქცეოდნენ აფსუები და რა მიუტევებელი პოზიცია ეჭირათ საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტს,-მისადმი დაქვემდებარებულ საინფორმაციო მაუწყებლობებს.

სოხუმის სისხლიანი შეტაკების შემდეგ აფსუათა ძირითადმა ნაწილმა გუდაუთის რაიონში მოიყარა თავი, გუდაუთა ხომ სეპარატიზმის ბუდე და აფხაზეთის აფსუათა უმთავრესი საცხოვრისია. მაშინ იქ ქართველებიც საკმაოდ ბევრნი ცხოვრობდნენ. საქართველოს ტელევიზიის საკუთარი კორესპონდენტები აფხაზეთში, გასაგები მიზეზების გამო, თავს არიდებდნენ გუდაუთაში ჩასვლას. არადა, აღწევდა ცნობები, რომ იქაურ ქართველებს ძალიან ავიწროებდნენ. საქართველოს რადიოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გადავწყვიტე, “რეპორტიორით” ჩავსულიყავი და ადგილზევე, გუდაუთელი ქართველებისაგან გამეგო არსებული მდგომარეობა. ეს იყო სახიფათო რისკი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში სწორედ რისკს ახლავს ხიბლი ჟურნალისტიკაში. ასე იყო თუ ისე, წინასწარ შევუთანხმდი გუდაუთელ ნაცნობ ოჯახს, რომ შემიფარებდნენ და ხელს შემიწყობდნენ...

1989 წლის სექტემბერში საკუთარი “ჟიგულით” მარტო ჩავედი გუდაუთაში. მანქანა მაშინვე გადავმალე და იქაური ქართველების მეშვეობით ორი დღე ვიარე ქალაქსა თუ სოფელში. ვნახე თანამემამულეთა საოცარი შემართება! ამბობდნენ: ახლა რომელი ქართველიც აქედან წავა, ეგ ბრძოლის ველიდან გაქცევას ჰგავსო. აქვე უნდა გავმაგრდეთ და არავისი რომ არ გვეშინია, უნდა დავანახოთ ყველასო. ჩვენ უნდა წავიდეთ, ეს უნდათ, მაგრამ ვერ ეღირსებიანო! “რეპორტიორში” ჩაწერისას უმეტესობამ აშკარად დაასახელა თავისი სახელი და გვარი. მხოლოდ ზოგიერთმა ჩათვალა ეს ზედმეტ რისკად, რადგან ჩვენი დამცველი ამ ქვეყანაზე არ ჩანსო. აუდიოჩანაწერებში თავიანთი ემოციები უფრო მოთოკილად გადმოსცეს-ყველანი იმას ამბობდნენ, მომავალშიც ერთად უნდა ვიცხოვროთ, კეთილგონიერებამ უნდა გაიმარჯვოსო, ნუ დავანგრევთ ერთმანეთთან მისასვლელ გზევსო. ვოვა ვეკუას სახელი ყველას პირზე ეკერა. ჩანდა, რომ ბევრი მათგანი სოხუმის მიტინგებს ესწრებოდა და ვოვას პირადად იცნობდა. სახელოვანმა პედაგოგმა, გუდაუთის ქართული საშუალო სკოლის დირექტორმა, ილია არქანიამ, რომელსაც მაშინ დირექტორობის 46 წლიანი სტაჟი ჰქონდა, მითხრა: “ვოვას დაღუპვა ძალიან განვიცადეთ. სწორედ, მისი გონივრული მტკიცებანი, რომ თავისუფლება ორივე მხარეს უკეთესი ცხოვრების პირობებს შეგვიქმნის და მხოლოდ ურთიერთთანხმობით უნდა შევძლოთ ვიგემოთ თავისუფლების მადლი, ჩვენს საერთო საფიქრალს კარგად ეხმიანებოდა. ამათი ცუდიც არ გვინდა. გვეგონა, საერთოს ვიპოვიდით, ახლა კი 15 ივლისის ამბებით თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა აფსუებთან და გაურკვევლობაში ვართ. დიდი ცოდვა დაიდეს აფსუებმა, მაგრამ სინდისის ქეჯნის არაფერი ეტყობათ... ისინი თანდათან ძალიან შეიცვალნენ, გათავხედნენ, გვემუქრებიან, რის გამოც მოსწავლეთა რიცხვმა საგრძნობლად იკლოო. ამავე დროს, ადგენენ შავ სიებს,-იმ პირებს, რომლებსაც სახლები უნდა გადაუწვან და ფიზიკურადაც გაუსწორდნენო. ამ სიაში პირველ ნომრად ვარ დასახელებული და თუ რამეს დაწერთ, ნუღარ მახსენებთო. აქ ისეთი ვიგინდარებიც არიან, არავითარ ბოროტებას არ დაერიდებიანო. ჩვენ კი დამცველი არავინ გვყავს, ყველაფერში ამათ ნება-სურვილზე ვართ დამოკიდებულნი. უნდა მოგვკლავენ, უნდა გვაცოცხლებენო.

ახლაც კი გულს მიწვავს მისი ნაუბარი-დღევანდლამდე არსად არ მომიხსენებია ბატონი ილია და არც ისინი, რომლებიც ამას უფრთხოდნენ...

უცნობად დარჩენის მსურველმა გუდაუთელმა ქართველმა მითხრა ასეთი რამეც:
”... აფხაზი ძმა და და მეგონა ჩემი. ძუძუმტე და გამზრდელი მეგონა, რომელთანაც პური გამიტეხავს, ღვინო მისვამს და ერთი მიწისა და ზეცის სადღეგრძელოს მითქვამს. მიწის, ცის, ზღვისა და ჰაერის მოზიარე მეგონა და მე სიყვარული მსურდა მისი. მინდოდა თანაგრძნობა გვქონოდა ერთმანეთისა, ჭირსა და ლხინში ერთად ვყოფილიყავით და ახლაც არ მჯერა, რომ იგი მტერი აღმოჩნდა ჩემი. დიდი ვერაგობაა უმტრო მას, ვისაც შენი ძმობა, ძუძუმტეობა, გამზრდელობა, მეგობრობა საფიცრადაც კი გაუხდია, ვისაც შენთან ერთად ყოფნა და თანამეინახეობა სურს... ვისაც არასოდეს შენდამი მტრობა არ გაუწევია და ვინც მუდამ მზად იყო შენს გვერდით ძმად და მეგობრად დარჩენილიყო. თანაც სხვის ზურგს მიყრდნობილმა გააკეთო ეს, მტრად ექცე ძმას იმის გამო, რომ დროებით ძლიერი მფარველი იპოვე და გინდოდეს ძმას წაგლიჯო ერთობლივი სამკვიდრებელი?!

იმედგაცრუებულის დიდი სიმწარე სდევს ასეთ მუხანათობას და ეს არა მარტო ერთი მხარისათვის...”

ჩემს კორესპონდენია-რეპორტაჟში ბარე ათამდე კაცი ასახელებდა თავის ვინაობას და უშიშრად საუბრობდნენ აფსუათა თავგასულობაზე-იმაზე, რომ აფსუები არბევდნენ ქართული სოფლების სალოცავებს, პარაშუტისტებს ეძახდნენ ქართველებს, თოფ-იარაღით ეჭრებოდნენ მათ სახლებში და სიკვდილის მუქარით მოითხოვდნენ დაეტოვებინათ სახლ-კარი, რომელიც შემდეგ უთუოდ აფსუას უნდა შეეძინა. თვით მე ვნახე უამრავი განცხადება ქართველებისა, სახლებს რომ ჰყიდდნენ.

ქართველებს სანადირო თოფები ჩამოერთვათ, აფსუები კი ახალსოფლის გარშემო ყოველ დილით ჯგუფ-ჯგუფად ნადირობდნენ და ქართველთა კარმიდამოებთან გასვლა-გამოსვლისას საგანგებოდაც, დასაშინებლად აქუხებდნენ სხვა და სხვა სისტემის იარაღს... ახალსოფლის კოლმეურნეობის პამიდორი და კომბოსტო აუღებლობით უკვე გაფუჭებული იყო; ჭკნებოდა და ლპებოდა 1500 ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალიც-მოკრეფისა და ღვინის ქარხნებში ჩაბარების ნებას აფსუები არ იძლეოდნენ. ფაქტიურად, ულუკმაპუროდ რჩებოდა სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა. ასეთ პერიოდში გასაკვირიც კი იყო, რომ ბევრ გააფსუებულ ქართველს უნდოდა საკუთარი ეროვნების დაბრუნება, მაგრამ ამ პროცესს გარედან ხელს ვერავინ უწყობდა, ადგილობრივი ხელისუფალნი კი აქტიურად ებრძოდნენ ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას. ქვეყანას პატრონი სჭირდებოდა, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ჩვენი უნიათობა და უხერხემლობა ჩანდა. ბარე ორი ათეული სხვა, მსგავსი პრობლემა იყო ჩამოთვლილი იმ რეპორტაჟში.

დიდის სასოებით, გულმოდგინეობით მომზადებული ეს მასალა და მასთან ერთად ცალკე ჩანაწერი გუდაუთელი მუსიკის მასწავლებლისა იმის შესახებ, რომ სასიკვდილო საფრთხის გამო გამოიქცა გუდაუთიდან ზუგდიდში, ეთერში არც ერთი არ გადაცემულა. მოულოდნელი უარის მიზეზად დამისახელეს, რომ კპცკ-ში იქნებ არ მოსწონებოდათ! თურმე, შესაძლო იყო, ეს რეპორტაჟი და მუსიკის მასწავლებლის გამოსვლა დაძაბულობისადმი ხელისშეწყობად ჩაეთვალათ! არც კი დამთანხმდნენ, რაიმე ფორმით მაინც, ეთერში გასულიყო ჩემი რეპორტაჟიდან გამომდინარე ინფორმაცია. რა მოგვიტანა ასეთმა წაჯექ-უკუჯექობამ, მერე ყველამ დავინახეთ.

შევუდაროთ ამ ფსევდოპატრიოტიზმს ვოვა ვეკუას პოზიცია და მაშინვე თვალსაჩინოვდება, ვინ იყო მამულიშვილი და ვინ კიდევ მამულის ჩრდილი.

სამწუხაროდ, უკვე აღარ ვიცი, როგორ წარიმართა ჩემი გუდაუთელი ნაცნობ-მეგობრის ბედი, სად არის ამჟამად, ან არის კი ცოცხალი ბატონი ილია არქანია,-ის გუდაუთელი და ახალსოფლელი მამაცი ვაჟკაცები... რადიოში დაწუნებული ეს რეპორტაჟი მოგვიანებით გაზეთში დავბეჭდე.

სიმხდალესა და მიტევებას შორის დიდი ზღვარია. უთუოდ სიმხდალე, დასაკუთრებული სკამების დაკარგვის შიში იყო მიზეზი აფსუათაგან ქართველთა უპატივცემულობას, შეურაცხყოფას და თვით შემზარავ დანაშაულსაც საქართველოს ხელისუფალნი რომ ვერ პასუხობდნენ სათანადოდ, თორემ საქვეყნოდ მხილებულს რომ შეღავათს გაუწევ და შემოირიგებ, ამაში კეთილშობილურსა და ამაღლებულს შენდამი დაპირისპირებული მტერიც კი დაინახავს. შეუწყნარებელ ბოროტმოქმედებათა პატიება კი ახალი უფრო დიდ დანაშაულთა გამომწვევი ხდება. გაჩუმება და სირაქლემასავით სილაში თავის ჩარგვა კი არა, ისეთივე შეგონებითი საუბრები და ადამიანური, კანონიერი მომთხოვნელობა სჭირდებოდა აფსუებთან ურთიერთობას, როგორიც ვოვა ვეკუას შეეძლო და სამართლიანი ხელისუფლების მკაცრი, დამნაშავეთა ამლაგმავი ხელიც. არა ომი და კონფრონტაცია, არამედ გონივრული პოზიცია…

ხალხი მუდამ მაღლა დგას ომით გამოწვეულ შემზარავ მოვლენებზე. სარწმუნოა, არც ქართველ და არც აფსუა ხალხს არ მოუსურვებიათ ურთიერთდაუნდობლობის ის საშინელი ფორმები, ამ ომს რომ ახლდა. ძალზე ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ებრძოდნენ ჩვენი ისტორიული ურთიერთობების არმცოდნე, გაბოროტებული ადამიანები. ბევრი რამის განუჭვრეტლობამ, რასაც უმართავი პროცესები მოჰყვა, უკუღმა დააბრუნა ჩვენი ისტორიულიის ბორბლი, მაგრამ ფიქრისა და განსჯის შედეგად, ბოროტს უნდა სძლიოს კეთილმა... რუსთველის ამ ბრძნული აზრით იყო აღზრდილი ვოვა ვეკუა. ჩვენც მისი თანამოძმენი სიკეთისკენ მიდრეკილნი ვიყავით მუდამ... სწორედ, სიკეთემ და ურთიერთპატივისცემამ კვლავაც უნდა გაგვითბოს გული.

დღევანდელი გადასახედიდან, დანახვის უნარის მქონესთვის, თვალსაჩინოდ ჩანს (მაშინაც ჩანდა!), რომ არ შეიძლებოდა არც დანაშაულის მიეტევება და არც ომი. საჭირო იყო გამოსავალის ძიება ისეთი გონივრული, ბრძნული პოზიციით, საქართველოს ჭეშმარიტად ეროვნულ მოძრაობას რომ გააჩნდა,-რაც შემდგომში გააცამტვერა საქსახსაბჭოს უკეთურმა ნაბიჯებმა ისტორიულ კოლხეთში, როგორც სამეგრელოში, ისე აფხაზეთში. სამომავლო ეროვნული ინტერესები ამჟამადაც ურთიერთგაგებას მოითხოვს, რადგან რაც დრო გავა, ბოროტება კი არ უნდა გაღვივდეს და გალაღდეს, არამედ დაითრგუნოს! ასეთია უფლის ნება. ადამიანები უფლის მიერ გონიერებას ვართ ნაზიარები და ვალდებულნი ვართ ეს გვახსოვდეს!

მებრძოლი პატიოსნება

”აი, ვინ არის კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!”

ვინ არ დაფიქრებულა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაცი? რა თვისებები უნდა ამკობდეს და გამოარჩევდეს უამრავ უსახოთაგან? უთუოდ უმთავრესია, იყოს ზრდილი, თავმდაბალი, პატიოსანი, ავ-კარგის ჩინებულად მცოდნე, გულისხმიერი, მაგრამ პრინციპული და შეუპოვარი, მამულისათვის თავდადებული, სიმართლის მამაცი დამცველი. ვფიქრობთ, ვაჟა-ფშაველასეული კაი ყმის პორტრეტი დავხატეთ და საერთო აზრით სწორედ ასეთი იყო ვოვა ვეკუა.

მეგობრები, თუ თანამოაზრეები მის ყველაზე უფრო თვალში საცემ ღირსებას მებრძოლ პატიოსნებაში ხედავდნენ.

პატიოსანი, მართალი კაცია საზოგადოების ღერძიცა და ბორბალიც. იგი მიეზიდება უმძიმეს ტვირთს მოვალეობისა და კაცობისას, ასე აუცილებელი რომ არის ადამიანთა საერთო კეთილდღეობისათვის... მხოლოდ იგი არა კარგავს წონასწორობას უმადურობის, თვალთმაქცობის, ძალადობის და ასხვა მრავალ უმსგავსობათა წინაშე და ბოლომდე ერთგული, თავისთავადი რჩება მამულიშვილური საზრუნავისა და ადამიანური სიკეთისადმი. ამიტომაც, გადის პატიოსანი კაცის ცხოვრების გზა ბეწვის ხიდზე, რომელიც აკაცთაგან, ეგოცენტრიზმით შეპყრობილი პატიოსნება, სინდის-ნამუსი ზედმეტ ტვირთად რომ დასწოლიათ და ამიტომაც საბოლოოდ მოუცილებიათ კიდეც.

კაი ყმის ვაჟკაცური პრინციპებისადმი უღალატობას შეეწირა ვოვა ვეკუა იმ ავადმოსაგონარ 15 ივლისს. მან არ დატოვა ბრძოლის ველი, რადგან მისი, როგორც პატიოსანი, მებრძოლი კაცის სიტყვა და საქმე ერთი იყო.

-ვოვა უპატიოსნესი კაცი იყო,-მითხრა საქართველოს დევნილი უზენაესი საბჭოს წევრმა ველოდი მირცხულავამ.-მასზე ყოველი კარგი სიტყვა ალალია,-რაც გულით სწამდა, იმ საქმეს ემსახურებოდა, სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული იყო და შეეწეირა კიდეც. უფრო დიდი რამ რა უნდა გაეკეთებია!

-მე სულ არ მინახავს ვოვა ვეკუასთანა პატიოსანი კაცი, თანაც მებრძოლი ბუნებისა-ფლიდობასა და თვალთმაქცობას არავის აპატიებდა და შეეძლო ჯიქურ მიეტანა იერიში. თუმცა, იშვიათად, როცა საქმე შინაურ წრეს, თანამდგომ ახლობელ ადამიანს ეხებოდა, ბავშვივით გულდაწყვეტილი და გაყუჩებულიც ყოფილა,-გაიხსენა ზურაბ კვარაცხელიამ.-1989 წლის 24, ან 25 მაისს სოხუმში მერაბ კოსტავაა ჩამოსული დეიდის დაკრძალვაზე. საღამოს მერაბის ნათესავის, დიმიტრი ქებურიას ოჯახში შევიკრიბეთ ეროვნული მოძრაობის აქტივისტები. უფრო სწორად, ეს იყო შეხვედრა მერაბთან საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ. მაგიდასთან მიგვიწვიეს, სადაც საუბარი გაგრძელდა და ერთ-ერთმა პიროვნებამ (არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს) მერაბის წინაშე აშკარად გაყალბებულად წარმოაჩინა რომელიღაც მოვლენა და თანაც იმდენად უსირხცვილოდ და თავდაჯერებულად, რომ ვოვა გაოგნებული წამოდგა. ცოტა ხანი ბოლთის ცემით დადიოდა ოთახში და მერე უძრავად მდგარი, დიდხანს გაჰყურებდა ღამეულ შორეთს მეთოთხმეტე სართულის ღია სარკმლიდან, მასთან გამოსამშვიდობებლად მისულს კი, როგორც ჩვეოდა ხოლმე, საოცრად ჭკვიანური და მეტყველი თვალებით შემომხედა და სევდანარევი ხმით წარმოსთქვა: “ზურა, არ ყოფილა პოლიტიკა ჩემი საქმე”. მე კი გავიფიქრე: ეჰ, ჩემო ვოვა, პოლიტიკა შენისთანების საქმე უნდა იყოს სწორედ, რადგან პოლიტიკაში წრფელი გულითა და სუფთა ხელებით მოსულ პიროვნებებს ძალუძთ კეთილმყოფელი, განსაკუთრებული როლის შესრულება.

-სხვები გმირებს იგონებენ, ჩვენ კი გვყავდა და სათანადოდ ვერ დაგვიფასებია.-ასეთია აფხაზეთის დევნილთა საბჭოს თავჯდომარის მურმან ბერიას აზრი ვოვა ვეკუაზე.

-ვოვა გმირია!-ამბობენ მისი თანამებრძოლები და თანამოაზრენი. დღეს უკვე სხვა და სხვა პარტიებში მყოფნი, პარტიულად განსხვავებული პროგრამის მქონენი, გარკვეული თვალსაზრისით ურთიერთდაპირისპირებულნიც კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ერთ აზრზე არიან. ასეთი რამ მხოლოდ განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეულთა ხვედრია.

კიდევ ერთ ამონარიდს გთავაზობთ დავით ჩიტაიას ზემოთხსენებული სტატიიდან: “იმ რთულ და ეკლიან გზაგზე, რომლის გავლაც ვოვას მოუხდა, მუდამ გვერდში ედგა მისი ცხოვრების ერთგული მეგობარი, მეუღლე, სათნოების განსახიერება ქალბატონი ეთერი. ვოვა აღმერთებდა ოჯახს, მის დღიურებში ვკითხულობთ: “ღმერთო,-დაილოცოს შენი წმინდა სახელი, შენ დაიფარე ჩემი ანდრია, ჩემი ლევან, ჩემი ეთერი, შემინდე მე ცოდვილს და მომიმართე ხელი კეთილშობილ და პატიოსან საქმეში. დიდებულო, შენ მოუმართე ხელი ყველა ქართველს-საქართველოს და თავისუფლებისათვის მებრძოლთ”.

ვოვას ვედრება ღმერთმა ისმინა, ქალბატონ ეთერის მესვეურობით მისი ოჯახი ჩუმად, უპრეტენზიოდ ემსახურება ქართულ საქმეს. ქართველი ქალის დიდსულოვნების გამოხატულება იყო ქალბატონ ეთერის “მიმართვა აფხაზ და ქართველ ხალხს”, სადაც იგი წერს: “მოგმართავთ ვედრებით მე, ქვრივი ძმების მიერ განწირული ქართველისა. ვოვა ვეკუასთვის ძვირფასი იყო ძმობისა და მეგობრობის ისტორია. ბოროტმა ძალამ დაანგრია და ფეხქვეშ გათელა ჩვენი წმინდა წარსული, ჩვენი ისტორია, შევევდროთ ღმერთს, რათა შეგვინდოს ძმების მერ დაღვრილი სისხლი”.

ვოვას ორი ვაჟკაცი ღირსეული შვილები არიან მამისა, ლევანი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს სოხუმის ფილიალის სტუდენტია, ანდრია შვეიცარიაში სწავლობს, დორნახში-ასენზას უმაღლეს სამხატვრო სკოლაში. წელს პირველად მოეწყო ციურიხში მისი ნახატების პერსონალური გამოფენა, რომელსაც დიდი წარმატება ჰხვდა წილად, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ვოვას მოწამეობრივი სიკვდილი დასტურია იმისა, რომ აფსუა ექსტრემისტებისათვის განურჩევლად ყველა ქართველი, ვინც კი რაიმე სასურველსა თუ არასასურველს იტყვის მათ შესახებ, მტერია და ამდენად, მოკვეთილ უნდა იქნას. ვოვა ვეკუა ხომ განუწყვეტლივ ეძიებდა “გზას აფსუა ხალხის გულებისაკენ”, მაგრამ ვაი, რომ გულები არ აღმოაჩნდათ “ქართული შოვინიზმის” ბანგით გაბუებულებს. მგლის თავზე სახარების კითხვა აღმოჩნდა მისი გულწრფელი სიტყვები.


ეს ნარკვევი ვოვა ვეკუას ზოგად ჭრილში წარმოსახვაა მხოლოდ, სხვათა პუბლიკაციებისა და ნააზრევის გათვალისწინებითაც. პრეტენზია არა გვაქვს, რომ მისი პიროვნების შესაფერისი თუნდაც მცირედი გვეთქვას. ვოვას პორტრეტი უფრო მასშტაბურად არის წარმოსადგენი და მომავალში, როცა ქართველები სოხუმში დავბრუნდებით, იქ უთუოდ იგი კვლავ იქნება მასპინძელი თავისუფალი საქართველოს მშენებლობის მესაძირკვლეთა შორის.-მაშინ უფრო ფართოდ გათვალსაჩინოვდება მისი მამულიშვილური ნაფიქრ-ნაღვაწი, მისი დიდი გულის სითბო, უწინარესად კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმის პრინციპებებზე რომ იყო აგებული და ორივე მხარის, ქართველთა და აფსუათა ურთიერთდაახლოებისაკენ მიმართული.

დროთა მდინარებაში გმირის სახელი კი არ ფერმკრთალდება, არამედ ახალ ელფერს იძენს. ასე იქნება მუდამ, რადგან სწორი იყო ვოვა ვეკუას დამოკიდებულება მამულიშვილური საქმისადმი-აფხაზეთში საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოღვაწეობისას... მას უყვარდა საკუთარი ერი და უყვარდა აფხაზები, აფსუები, როგორც თანშეზრდილი ხალხი, თითქმის ერთნაირი ტრადიციებით შემომტკიცებული, ისეთივე თვისებებით შემკობილი, როგორც თვით დიდბუნებოვანი კოლხნი იყვნენ. მას თანშეზრდილი აფხაზი უნდოდა ძმად და მეგობრად თავისუფლების დიდ გზაზე, “ოღონდ არა მკვლელი და მოღალატე, არამედ შეგნებული და განწმენდილი”.

დღეს მისი სიტყვები, რომელთა მოძიება და ერთ კრებულად დაბეჭდვა საშური საქმეა, აფხაზეთში ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობების მოსაგვარებლად ანდერძის სახესაც ღებულობს და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.


p.s. სიკვდილის შიშის დაძლევაში სულის ღვთაებრივი სიდიადეა და მარადიულთან წილისდებაც, სიცოცხლე უფრო ფასობს სწორედ თავდადების უნარის მქონე ადამიანების წყალობით, რადგან ისინი გვმოძღვრავენ როგორ ვიცოცხლოთ და მოვკვდეთ, როცა მიზანი სიცოცხლეზე ძვირფასია. ასეთი მიზანი უწინარესად სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაა და სულის მგზნებარების, არა მარტო საკუთარი, არამედ საერთოდ სიცოცხლის განსაკუთრებული ტრფიალის შედეგია-ასეთ თავგანწირვაში სრული ძალით ვლინდება ადამიანური ცხოვრების ხიბლი.

უკვდავება სიკვდილის დამარცხებით იწყება.

XI-XII. 1999 წელი.

ვოვა ვეკუას ხსოვნას

მოვსულვართ ქვეყნად რისთვის და რატომ,
თუ ერთმანეთის არ ძალგვიძს შველა...
ვაი, რომ მტერთან დაგვტოვეს მარტო,
პანაშვიდზე კი მოვიდა ყველა.

სულის სიღრმეში, უცნაურ გზნებით,
მაცდურ ვნებათა ბობოქრობს ცეცხლი,
შენ გერგო ტანჯვით სავალი გზები,
ბევრმა შეიტკბო ოქრო და ვერცხლი.

წახველ და გაგყვა მამულზე ჯავრი
და სიბრალული უგუნ ბრბოთა,
ჩუმად იტვირთე ქართული ჯვარი
და გაიარე რწმენით გოლგოთა.

სული კი შენი ზღვისპირა ვერხვებს
ეალერსება მამულზე დარდით
და შემართული, ვით ღამის მეხრე,
ნისლში ჩაძირულ სოხუმში დადის.

გიორგი სიჭინავა

შტრიხები ვოვა ვეკუას ცხოვრებიდან (II ნაწილი)

საბედისწერო 15 ივლისი...

”ზღვა არის მოწმე,
სიყვარულისთვის,
საქართველოს სიყვარულისთვის,
რუსთველის ძეგლთან
ქართველი მოკლეს!”.

დარიკო ფიფია


15 ივლისს საქართველოს დიდი ტრაგედია დაიწყო აფხაზეთში! ბოროტების იმპერიის მიერ დათესილმა და გაღვივებულმა თესლმა გაიხარა და შხამიანი ნაყოფი გამოიღო-აფსუები ისტორიულ ძმებს, მორდუებსა და ძუძუმტეებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეაჯახა.

საშინელია სიძულვილი, იგი გულმოწყალებას, სიკეთეს, სათნოებას სპობს, მხოლოდ დაუნდობლობას, მტრობას, სიკვდილსა და განადგურებას ალაღებს. სიძულვილს სახელმწიფოები აღუგვია პირისაგან მიწისა, თორემ ცალკეული ადამიანები მისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. სიძულვილი დიდი უბედურების დასაწყისია და მისგან გამუდმებით უნდა ველოდეთ ტრაგიკულ პერიპეტიებს. ამიტომაც იყო საჭირო მოზღვავებული ბოროტების შეკავება, მაგრამ საუბედუროდ, ეს ვერ მოხერხდა.

მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო და რისი წინააღმედგი მთელი არსებით იყო ვოვა ვეკუა.

დაინტერესებულმა მკითხველმა ყოველივე ამის მიზეზები იცის. ჩვენ მხოლოდ უმთავრესს შევახსენებთ.

ახალი დაპირისპირების საბაბი გახდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაყოფა-ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის შექმნა. ვნებათაღელვამ განსაკუთრებით იჩინა თქავი ამ ფილიალში მისაღები გამოცდების დანიშვნისას. აფსუებმა ულტიმატუმი წაუყენეს საოლქო კომიტეტს, რათა მიეღოთ გადამჭრელი ზომები გამოცდების ჩასაშლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ, რომ სპეციალურად მომზადებული ბრიგადები მოახდენდნენ საოლქო კომიტეტისა და უნივერსიტეტის ფილიალის ბლოკირებას.

მისაღები გამოცდები დანიშნული იყო 16 ივლისს.

15 ივლისს “ქ. გუდაუთიდან და განაპირა სოფლებიდან ჩამოსვლა იწყეს აფხაზთა ჯგუფებმა. მათ ალყაში მოაქციეს სოხუმის პირველი საშუალო სკოლა, სადაც დროებით განთავსდა თსუ-ს ფილიალის მიმღები კომისია და სასტიკად სცემეს კომისიის წევრებს, მთლიანად დაარბიეს შენობა. 15 ივლისს, დაახლოებით 17 საათისათვის, სოხუმის რუსთველის სახელობის პარკში შეკრებილ ქართველებს თავს დაესხნენ ქვებით, რკინის საგნებითა და ლურსმნიანი ხელკეტებით შეიარაღებული აფხაზები. მოგვიანებით გაისმა სროლის ხმაც. იმ საღამოს დაიღუპა 11 ქართველი და 5 აფხაზი,-ასობით დაიჭრა. ვერაგულად მოკლეს ქართული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვოვა ვეკუა. 16 ივლისს ქარვთელობა და “არაფორმალები” აკონტროლებდნენ სოხუმს...

16-17 ივლისის განმავლობაში გუდაუთიდან ოჩამჩირეში კატარღებით გაიგზავნა სხვა და სხვა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ათასამდე აფხაზი, ნაწილი გაიგზავნა ტყვარჩელში.

გალიდან ავტობუსებით მომავალ მშობლებს რომლებსაც სოხუმში მყოფი სტუდენტი და აბიტურიენტი შვილების ბედი აღელვებდათ, მდ. ღალიძგასთან აფხაზმა ბოევიკებმა გზა გადაუკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს. მძიმედ დაიჭრა ავტობუსის მძღოლი ნ. შამათავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლულ იქნა რ. ეხვაია და ნ. შენგელია. შექმნილი ვითარების მსხვერპლი გახდა “სოხუმხელსაწყოს” გალის ფილიალის დირექტორი ი. მოლაშხია (ნაწყვეტი წიგნიდან “აფხაზური ლაბირინთი”, თბ, 1999 წ.)”.

გონებადაბნელებულ აფსუათა ბრბოს სისხლი სწყუროდა,-ქართველთა სისხლი, რადგან იმპერიამ 9 აპრილს ვერ მოიკლა ეს წყურვილი, ვერ გაძღა იგი ქართველი ქალებისა და ბავშვების სისხლით და ახლა უფრო ვერაგული ჩანაფიქრის განსახორციელებლად აღაგზნო ეს ბრბო... შეაგულიანა, გაამამაცა, შეახსენა ჩვენთვის მწარე ჭეშმარიტება, რომ ქართველებს კვლავ ყურზე ეძინათ და სახიფათონი არა ჩანდნენ. თანაც, ამ აქციის შედეგად ვეება დივიდენდებს შეპირდა-თავისუფლებასა და ქართველთა ქონების დაპატრონებასაც. მაშინ ეროვნულ-გამათავისუფლებელიი მოძრაობის თავკაცების გონიერებამ ჩაშალა ეს ჩანაფიქრი, მაგრამ 1993 წლის სექტემბერში, რუსეთმა აფსუების ხელით, “დიდი პოლიტიკოსის” დახმარებით, მზაკვრული გეგმა მაინც განახორციელა.

ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულიდან ვგებულობთ, რომ 15 ივლისს, დილას, ვოვას ტელეფონით დაურეკავს სოხუმიდან, ულაპარაკია ზურაბთან, რომელსაც ამ საუბრის შემდეგ ძალზე შეწუხებულს უთქვამს: “შესაძლოა, ამ ამბებს ვოვა შეეწიროსო”. ცხადია, თვით ვოვამ უკეთ უწყოდა, სასიკვდილო საფრთხის წინაშე რომ იდგა,-აფსუები გულმოდგინედ რომ ემზადებოდნენ სისხლიანი ანგარიშსწორებისათვის, რადგან კაგებე თუ სუკ-ი აქეზებდა მათ აქეთკენ. უწინარესად, სწორედ მათთვის იყო მიუღებელი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ ქართველთა მოთხოვნები. ვოვამ იცოდა, რა გამოუსწორებელი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა აფსუათა და ქართველთა შეტაკებას და ამიტომაც, ცდილობდა მდგომარეობის მშვიდობიანად მოგვარებას ყველაზე ცხელ წერტილებში. იგი მოკლეს, როცა მგზნებარედ მოუწოდებდა აფსუებს გონიერებისათვის მოეხმოთ და დაუნდობელი მტრობით, სისხლისღვრით არ შეებღალათ ძმობა და მოყვრობა, არ შეეგინებიათ წინაპართა სულებისათვის, მათთვის გზამკვლევ აზრებს რომ ჰფენდნენ მომავალ თაობათა საკეთილდღეოდ. “არ მოჰკლა, ძმაო!”-ასე მიუმართავს მას სიკვდილის მთესველ აფსუასადმი.

იმ დღეს სოხუმში დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან ჩამოყვანილი მილიციის მუშაკთა საკმაოდ დიდი ძალები ყოფილა თავმოყრილი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ იზრუნა, რათა დაპირისპირება აქამდე არ მისულიყო. უთავობა და არაორგანიზებულობა უწინარესად კრემლისადმი შიშით იყო გამოწვეული. უთუოდ კაგებეს ხელი ერია აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნიკური ნიშნით გაყოფაშიც.

”მე მახსოვს, როგორ ევედრებოდა ვოვა სტუდენტებს-არ წამოგებულიყვნენ იმპერიულ ანკესზე”,-იხსენებს სერგი საჯაია ზემოთაღნიშნულ ბროშურაში. სამწუხაროდ, იმპერიულ ანკესზე არათუ სტუდენტები, არამედ საქართველოს და აფხაზეთის ხელისუფალნი წამოეგნენ. შეიძლებოდა, უარესი ექსცესებიც მომხდარიყო, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით შექმნილმა აფხაზეთის ხსნის კომიტეტმა შეძლო სადავეების ხელში აღება. სავსებით ვიზიარებთ ბატონი სერგი საჯაიას აზრს იმის შესახებ, რომ “ერთადერთი, ვინც მაშინ გვერდით დაუდგა აფხაზეთის მოსახლეობას (მე ყველა ეროვნების ხალხს ვგულისხმობ, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ) იყო მხოლოდ ეროვნული მოძრაობა-მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია და ისინი, ვინც მათთან ერთად იდგნენ, აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც აფხაზეთს ააცილა გაცილებით მძიმე სისხლისღვრა და უმართავი ვითარება”.

-რატომ ესროლეს ვოვას? რატომ მოკლეს იგი წინასწარგამიზნულად?-ვკითხე ვოვას უფროს ძმას.

ვახტანგ ვეკუა:-“იმიტომ, რომ იმპერიას აფსუას ხელით უნდა მოეკლა ვოვა!”

სეპარატიზმის წინააღმდეგ ვოვას იარაღი ქართველთა და აფხაზთა ისტორიული ძმობის ქადაგება იყო. იმპერიას მიზნისათვის რომ მიეღწია, ამისათვის სწორედ ეს ძმობა უნდა ამოეძირკვა აფსუათა შეგნებიდან. უწინარესად, სწორედ ვოვას ჩამოშორება იყო საჭირო; აფსუათა და ქართველთა ძმობის სადარაჯოზე იდგა ვოვა, ეს არის მისი ფენომენი. მისი ჩამოცილება აუცილებელი გახდა და ჩამოიცილეს კიდეც.

-თვითონ გრძნობდა ამას და ეშინოდა სიკვდილის? ამაზე შემიძლია პასუხი გაგცეთ მისი სიტყვებითვე, სიკვდილამდე თხუტმეტი დღით ადრე რომ მითხრა... ბიძაშვილი დაგვეღუპა წალენჯიხაში. სოჭში ვმუშაობდი მაშინ. მანქანით გამოვუარე და ერთად წამოვედით სამძიმარზე. გზაში ვუთხარი:
-ვოვა, საჭირო კაცი ხარ, არ დადგე ქუჩაში, თორემ გესვრიან, მოგკლავენ...
ვოვამ გაიღიმა და ასეთი რამ მითხრა:
-მე ხალხს ვეუბნები, ჩვენ უნდა გავილაშქროთ სეპარატიზმის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გამოვაფხიზლოთ აფსუები და ეს როგორ გამოვა, მე არ დავდგე ხალხის გვერდით?!

ძმა იყო და გამიგებთ, ძალიან არ მინდოდა, რომ მოეკლათ. მსურდა, როგორმე ზემოქმედება მომეხდინა, რომ მას მეტი სიფრთხილე ჰქონოდა, მაგრამ მისი გადარწმუნება შეუძლებელი იყო. სხვანაირად არ შემიძლია და შევეშვათ ამაზე საუბარსო!

იმ ავადმოსაგონარ დღეს, 15 ივლისს, ლორიკ მელაძის დედას ასაფლავებდნენ. ჩერქეზი ქალი იყო მიცვალებული. ლორიკმა მეგობრებს გვითხრა:
-ძმებო, სასაფლაოზე მამაკაცების წასვლას ჩერქეზული ადათი კრძალავს და ნუ წამოხვალთო.

ქალაქში გამოვედი. სოხუმის ცენტრალურ ქუჩებში ისეთი ავისმომასწავლებელი დაძაბულობა იგრძნობოდა, ვოვას ბედმა შემაწუხა. მის მეუღლეს დავურეკე. მან არ იცოდა, სად იყო ვოვა. გავიარე ქალაქში, სადაც კი თავყრილობები იყო, მაგრამ ვოვას თვალი ვერ მოვკარი. იმ პერიოდში ეშერის სანატორიუმში მქონდა ბინა. შიარულით დაღლილი ვიყავი და იქ წავედი. ცოტა ხანში დარეკეს და მაშინვე გულმა დაიკვნესა. ტანმა მიგრძნო, რომ ვოვას ცუდი რამ სჭირდა.

საავადმყოფოში ვნახე თუ არა, მივხვდი, ვოვა ამქვეყნისა აღარ იყო.

იმ საღამოს ტყვიები მეც დამიშინეს,-ძლივს გადავრჩი, მაგრამ ეგ უკვე სხვა საუბრის თემაა. ისევ ვოვაზე ვიტყვი: იცი, როგორი იყო ვოვა? ხომ ძალიან თავაზიანი, კეთილი, მაგრამ ძალიან პრინციპულიც, როცა კი საქმე საზოგადოდ მნიშვნელოვანს შეეხებოდა-ამ მნიშვნელოვანის უკან უმეტესად საქართველო იგულისხმებოდა. ქართველებზე და საქართველოზე ავის მთქმელებს სიტყვას არ შეარჩენდა, შეუტევდა და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, მუშტებსაც აღარ დაერიდებოდა. ქართული საქმის ერთგული ვაჟკაცი იყო და ასეთსავე ერთგულებას მოითხოვდა სხვებისაგანაც”.

ვოვა ვეკუას თანამოაზრენი, თანამებრძოლები და მეგობრები იხსენებენ:

ზურაბ მამარდაშვილი:-“15 ივლისს მეც იქ ვიყავი, რუსთაველის პარკთან. თავდასხმისთვის მომზადებულნი ყოფილან და აფსუებმა შემოგვიტიეს ორგანიზებულად, დარაზმულად. გაოცებულნი ვერ გავერკვიეთ, საიდან მოფრინავდა ამდენი ქვა და რკინის საგნები. ვცადეთ გავმკლავებოდით, მაგრამ თავს ზევით ძალა აღარ იყო. მეც სიკვდილს გადავრჩი, ვეება ქვა, თავზე რომ უნდა მომხვედროდა, ავიცდინე და იგი მხარზე მოხვდა გვერდით მდგომ მეგობარს, რომელიც თითქმის უგონოდ მყოფი ძლივს გამოვიყვანე ბრძოლის ველიდან. ამიტომაც შეტაკების ბოლო მომენტები არ მინახავს, მაგრამ მრავალ თვითმხილველთაგან ვიცი, ვოვას ფეხი არ მოუცვლია, იგი გონიერებისაკენ მოუწოდებდა აფსუებს. სწორედ ასეთ დროს, გამძვინვარებულ ბრბოს ერთ-ერთმა წარმმართველმა ვოვასკენ ხელი გაიშვირა და დაიძახა: “Эго надо убить!”. რამდენიმე ათეული კაცი უცებ დაიძრა ბრძანების შესასრულებლად. ვოვამ გაქცევა არ იკადრა და აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით-ზვარაკად შეეწირა საქართველოს თავისუფლებას! მისი სახით მეგობრებმა, თანამებრძოლებმა უკეთილშობილესი და უსაყვარლესი ადამიანი დავკარგეთ… ვოვა მამაჩემთანაც მეგობრობდა და შინ ხშირად გვესტუმრებოდა. მამა და მეც ბევრჯერ მივსულვართ მის ოჯახში, სადაც სტუმარი არ ილეოდა. ერთავად კამათსა და საუბარში ვიყავით ჩაბმული. მთავარი თემა მუდამ საქართველო იყო. საქართველო იყო ვოვას საფიცარი და მუდამ მის ირგვლივ ტრიალებდა აზრით,-თვითონ თაოსნობდა, რა როგორ სჯობდა, რა უნდა გაგვეკეთებია აფხაზეთში საქართველოს თავისუფლებისათვის”.

ინდი გაბილაია:-“ვოვას დაღუპვა ძალიან განვიცადეთ. საერთოდაც, დიდი რეზონანსი გამოიწვია, იმდენად დიდი, რომ გაგვიკვირდა კიდეც, მაგრამ მერე, თანდათან მივხვდით-ასეც უნდა ყოფილიყო. სიკვდილის შემდეგ უფრო ვიგრძენით, როგორი გამორჩეული პიროვნება დავკარგეთ.

ვოვას მამის, ვალოდია ვეკუას ოჯახთან გუძულის მეშვეობით (ვახტანგს შინაურობაში გუძულის ეძახიან) დაახლოებულნი ვიყავით ნუგზარ ლატარია და მე. პურმარილიანი ოჯახი იყო. ბატონი ვალოდია, ძველი პარტიული მუშაკი, შინაურ წრეში თავისუფალი აზროვნების კაცად რჩებოდა. აქ იკრიბებოდნენ პატრიოტულად მოაზროვნე ქართველი ინტელიგენტები. დამამახსოვრდა ლეო გვათუა, შოთა გოგოხია, კოლია ბენდელიანი, შოთა ქირთბაია, ხუტა ანჩაბაძე,-ყველას ვერ ჩამოვთვლი.

80-იან წლებში, ვოვა უმუშევარი იყო, უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა და ეკონომიკურად გაუჭირდა, მაშინ სოხუმის პირველი ატკ-ს მთავარ ინჟინრად ვმუშაობდი, ვოვას ჩემთან დავაწყებინე მუშაობა. სამი წელი იმუშავა ამ ატკ-ში. ისეთი მოწესრიგებული პიროვნება იყო, ყველას ძალიან შეგვიყვარდა, პატივს ვცემდით, მაგრამ უკვე სუკ-ი უთვალთვალებდა, კუდში დასდევდნენ როგორც დისიდენტს, ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმულს. მისი ტელეფონი ისმინებოდა. ყველამ იცოდა, რომ იმ პერიოდში, 1986-87 წლებში ვოვასთან ხშირად სტუმრობდა ზვიადი და მერაბი. აფხაზეთში მათი მთავარი დასაყრდენი ვოვა იყო და ცხადია, სუკ-ს უნდოდა მისი კომპრომეტირება და ამის გამო ხშირად შეწუხებული მინახავს. ატკ-ს დირექტორს დაავალეს, რომ გაეთავისუფლებია იგი სამსახურიდან და ასეც მოხდა. მერე გულრიფშის ავტოსაწარმოში იმსახურა ერთხანს. იქაც ავიწროებდნენ.

ვოვასთვის მიტინგებზე მეც მომისმენია. აფსუებთან მდგომარეობის გასამწვავებლად არასოდეს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. მახსოვს, კონსტიტუციის მოედანზე რომ გამოვიდა, თქვა: აფხაზები მიხვდებიან, ძმები რომ ვართო”.

ნუგზარ ლატარია:-“ვოვა საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც გმირი, რადგან იგი საქართელოს თავისუფლებისათვის ბრძოლის დამწყებთა შორის იყო და გმირისთვის დამახასიათებელი კარგი თვისებები ამშვენებდა. ბავშვობიდანვე სამართლიანობის გრძნობა ჰქონდა გამახვილებული. ცხადია, ავტორიტეტული მშობლების გამო მასწავლებელთა ყურადღების ცენტრში ექცეოდა, მაგრამ თვითონ ამიტი არასოდეს უსარგებლია. პირიქით, დაუმსახურებლად ხუთიანს თუ დაუწერდნენ, თურმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მასწავლებელს აუჯანყდებოდა, თანასკოლელებთან კი მუდამ თავდამბლობდა... ასეთად დარჩა დავაჟკაცების შემდეგაც-მოკრძალებული მეგობრებთან ურთიერთობაში, ქრისტიანულად უბრალო”...

დავით ჩიტაია:-“ვოვასთვის სიყვარული იყო თავად ღმერთი, “ვგრძნობ ამაღლებას და სისუფთავეს, სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი”. სიყვარულით ცდილობდა იგი აფხაზთა მობრუნებას. თავის დღიურებში იგი წერდა: “რატომ არ გინდა ჩაიხედო შენს გულში, რატომ არ გინდა შეიცნო თავი შენი, რატომ არ ეძებ ღმერთს, რომელიც შენ დაივიწყე? რატომ არ გიყვარს არავინ, გარდა თავისა? ნუთუ, ვერ გრძნობ, რომ ქვესკნელს ხარ გაკრული”.

ქართველთა კონსოლიდაცია, შეერთება-ეს იყო ვოვასთვის თავისუფლების მიღწევის საშუალება, გზა. “ივერთ შვილებო, მისმინეთ გულით, გავერთიანდეთ ერთიან სულით”. ვოვას ფიქრები მუდამ საქართველოს მომავალს დასტრიალებდა. “არც აღმოსავლეთის იმპულსებია დამამშვიდებელი, არც დასავლეთის. ნუთუ, საქართველოვ, განწირული ხარ? ნუთუ, სხვის შექმნილ მორევს უნდა მინებდე?”-წერდა იგი.

ვოვა ვეკუას ზემოთ მოყვანილ აზრებში, ლექსთა სტრიქონებში, ამასთანავე, სხვა და სხვა პირთა მოგონებებში ჩანს მამაცი, სულიერად ამაღლებული, გულმხურვალე პატრიოტი. ასეც ვიცნობდი და ამიტომაც 1989 წელს მის ხსოვნას მივუძღვენი ლექსი, რომელიც, დროის გასვლის მიუხედავად, დღევანდელ საფიქრალსაც ეხმიანება. ქვეყნდება პირველად.

სოხუმი, 15 ივლისი...

ვოვა ვეკუას ხსოვნას

გამართულ მკლავით, ბნელ-ნათელს შუა
ის დგას სიკეთის სხივით შემკული,
დიდ სათქმელს ამბობს ვოვა ვეკუა,
კაი ყმა ქართულ უდრეკი სულის.

სისხლისმიერი მოკეთე თუა
აფხაზი, ასე ბოღმააშლილი,
იქნებ, გაერკვეს ვოვა ვეკუა,
რას ეუბნება გულგადაშლილი.

ახსენებს ლიხნელ მორდუს, ძუძუმტეს,
ვისთანაც განვლო ყრმობა ზიარად,
ნუთუ, ეს ახლა იმათმა უმტრეს,
-აჟღარუნებენ უნდოდ იარაღს?!

კეთილს სამიზნედ ეძებს ბოროტი,
როცა სრულდება ვერაგი ზრახვა,
აფხაზი, სხვათა ნების რობოტი,
ნამდვილ ძმობას და სიყვარულს მარხავს?!

აჰა, აღსრულდა, მოჰქრის სიკვდილი,
აქ ქვების წვიმას სხვა რაღა ჰქვია?
”-ძმებო, სხივს არ მსურს დაეკრას ჩრდილი,
მოციქულობდეს ჩვენს შორის ტყვია!

ძირძველ აფხაზებს ფლიდი აფსუა
გვართმევს სახელს და სამშობლოს ზეცას,
რადგან ზურგსუკან ვინც გააქსუა,
დგას და აქცია სისხლისმსმელ მხეცად!

უნდა ვხედავდეთ კარგად მომავალს,
ვერიდებოდეთ გადმოყრილ საკენკს
და ერთმანეთში ვართ კვლავ მოვალე,
გზები ვიპოვოთ გულებისაკენ!”

ეშმაკეულნი გულმართალ რაინდს
შემოსჯარვიან სიკვდილის ცელით.
უმსხვრევენ კეფას… მოკლეს და მაინც
სცემენ… მკვლელთ სულში ზიმზიმებს გველი.

მათ არ უწყიან-სახელის შოვნას
ვერ სწვდება ცოდვით ნაზელი რინა*.
თავდადებულის მარადისს ხსოვნას
ქართველი გულში მიუჩენს ბინას.

1989 წელი

ამხედრებული სამეგრელო

-გაიღვიძეთ, აფსუები ხოცავენ ქართველებს!-ავტომანქანების გაბმული სიგნალები და ასეთი შეძახილები 16 ივლისს გამთენიის რიბირაბოში წალენჯიხის ქუჩებში ავისმომასწავლებლად შემოიჭრა და პატარა ქალაქი უცებ ააფორიაქა.

ცენტრალურ მოედანზე მაშინვე შეკრებილ უამრავ ხალხს სოხუმში მოწყობილ ადამიანთა სასაკლაოს შესახებ, თვითმხილველთა მონათხრობს უყვებოდნენ აფხაზეთიდან და ზუგდიდიდან ჩამოსულნი: აფსუები თავს დაესხნენ სოხუმში, რუსთაველის პარკთან შეკრებილ ქართველებს! ისინი არავის არ ინდობენ! აქეთ, ოჩამჩირისა და გალის რაიონებისკენაც მოიწევენ! ქართული მოსახლეობა საფრთხეშია! დახოცილია ქართველი ბიჭები! სასიკვდილოდ დაჭრილია ვოვა ვეკუა!

ვოვას რამდენჯერმე შევხვედრილვარ. ეს ნაცნობობა მისი ყმაწვილბიჭობიდან იწყებოდა. ბიძამისის, ნეტახსენებულ ბატონ ანდრო ჭანტურიას ოჯახთან და მის დიდ სანათესაოსთან მეგობრობამ განსაკუთრებული სითბოთი დამაკავშირა ვალოდია ვეკუასთან და მის ვაჟიშვილებთან. გასაჭირის ჟამს უფრო ვნახულობდი მათ... უკანასკნელად, ანდროს უმცროსი ვაჟიშვილის, წალენჯიხელი გოლიათის, კვაკვას სატირალში, 1989 წლის ივნისის ბოლოს შევხვდი ვოვას და ჭირის სუფრაზე გვერდიგვერდ ვისხედით. როგორც სჩვეოდა, ვოვა ძალიან მოკრძალებით, კოლხური თავაზიანობით მელაპარაკებოდა, დაინტერესდა რა საქმიანობით ვიყავი დაკავებული და მითხრა: მე მჯერა, დღევანდელ ჟურნალისტებს ძალიან დიდი ამბების გაშუქება მოგიწევთ, ახლა მდგომარეობა ქარიშხლის წინ მიწყნარებულ ზღვას მაგონებსო. მეც ვკითხე ზოგი რამ და მისი პასუხებიდან დამამახსოვრდა: აფხაზეთში ქართველობას ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი, კრემლი ახალ-ახალ პროვოკაციებს ეცდება, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ორივე მხარეს-ქართველებსა და აფსუებსაც, მით უმეტეს გააფხაზებულ თანამემამულეებს თვალი ავუხილოთო...

თვალწინ უცებ აღმიდგა ჩვენი ნაცნობობისა და საუბრის ნიუანსები, ვიცოდი მისი შემართებული ვაჟკაცობის, დიდქართველობის შესახებ და სხვა შემაშფოთებელ გარემოებებთან ერთად, ეს ცნობაც მემწარა. განა მარტო მე, წალენჯიხელთაგან ბევრი იყო ვოვასთან მეგობრული გრძნობებით დაკავშირებული... მისი ნათესავნიც ბევრნი ერივნენ ხალხში, მაგრამ ყველაზე უარესი ხომ საერთო საგანგაშო მდგომარეობის გაცნობირება იყო... იშვიათად, რომ სამეგრელოში მოსახლეს ოჯახის წევრი, ან უახლოესი ნათესავი სოხუმსა და აფხაზეთში არა ჰყოლოდა. სამშობლოსა და უახლოესი ადამიანებისადმი თავსდატეხილი დიდი განსაცდელის შეგრძნება ყველას მოგვიწოდებდა ერთობლივად გვემოქმედა.მაგრამ რა და როგორ? ხალხმა უცებ შეიარაღება და ქართველებისადმი მიშველება გადაწყვიტა.-იარაღი ხელისუფლებასაც უნდა მიეცა!

ასეთ სიტუაციაში დავტოვე წალენჯიხა. სამსახურეობრივად მევალებოდა მოვლენების ცენტრში ვყოფილიყავ (საქართველოს ტელევიზიის ზუგდიდის ზონის საკუთარ კორესპონდენტად ვმუშაობდი). დილის 8 საათისთვის ზუგდიდში ჩავედი. იქ ბევრად უფრო მასშტაბური ჩანდა სეპარატისტების საწინააღმდეგო მოძრაობა. ქალაქის ბაღის ბოლოში, სტადიონთან დავინახე ორგანიზებულად მიმავალი ბიჭების ჯგუფი და ვიღაცამ ამიხსნა: ესენი ზუგდიდის ციხის ასაღებად მიდიან, იარაღი უნდა იშოვონო... შეიარაღებული ხალხი უკვე მიეშურება აფხაზეთისკენ და ოცარცეს ხიდთან იკრიბებიანო...

ზუგდიდის ქუჩებში, ყველგან, სადაც კი გავიარეთ, საოცარი, დაუვიწყარი სურათი წარმომიდგა: მთელი მოსახლეობა თავიანთი სახლების ჭიშკრებთან შეკრებილიყო და აფხაზეთის მიმართულებით მიმავალთ ხელებს გვიქნევდნენ, დიდი და პატარა, ქალებიც და ბავშვებიც ომახიანი შეძახილებით გვამხნევებდნენ... “ვოლგა”, რითაც მივდიოდი, უკვე “კამაზებზე” ამხედრებული ხალხის დიდ ნაკადში მიიკვლევდა გზას. აფხაზეთის საზღვარზე, ოცარცეს ხიდთან უამრავი მანქანა-ნაირგვარი თოფებითა და ავტომატებით შეიარაღებული ხალხი შეჩერებულიყო, სახელდახელო სტრატეგიულ გეგმებს ადგენდნენ და თან იარაღს ინაწილებდნენ... საიდანღაც მოჰქონდათ სხვა და სხვა სახის ვაზნები და უცხოებიც კი საჭიროებისამებრ ერთმანეთს ჩუქნიდნენ. პირტიტველა ყმაწვილებს შემართული რევოლვერები ეჭირათ... რამდენიმე “კამაზი” ენგურჰესის მიმართულებით გაიგზავნა, იქიდან საბერიოში უნდა გადასულიყვნენ, რადგან ხმები ვრცელდებოდა, აფსუები იქიდან ეცდებიან მთლიანად ენგურჰესის ხელში ჩაგდებასო, ზოგი იმასაც გაიძახოდა-ენგურჰესის აფეთქება უნდათო!

”კამაზების” დიდი კოლონა გალის მიმართულებით დაიძრა და მივყევით. ჩემთან ერთად იყო რამინ გოგოხია, წალენჯიხის კონტროლის კომიტეტის თავჯდომარე (სხვების ვინაობა უკვე აღარ მახსოვს). გალს რომ გავცილდით, გზაში სულ უფრო ხშირად გვხვდებოდა სოხუმიდან გამოქცეულთა ავტომანქანები, რომელთა მგზავრები დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ-აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ და აქით მოიწევენო.

-უიარაღონი უკან გაბრუნდით!-გაისმოდა ბრძანებები “კამაზებზე” ამხედრებულთაგან, რომლებიც საბრძოლველად ისე აღტყინებულნი ჩანდნენ, რომ ამ სტიქიური ძალის შეჩერება ძნელად თუ შეეძლო რაიმეს. შემაძრწუნებელი სურათი იხატებოდა თვალწინ, რადგან, რაგინდ მტრობაც ჩამოვარდნილიყო, ნორმალური ქართველი კაცისაგან გუშინდელ მოძმეთა და ძუძუმტეთა განუსჯელი ხოცვა-ჟლეტა, რაც უმართავ პროცესებს შეიძლება მოჰყოლოდა, არ უნდა მომხდარიყო. ჯერაც, ხშირ შემთხვევაში, ძმობა და სიყვარული იყო აფსუათა და ქართველთა შუამავალი. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ იმ პერიოდში ამ სტიქიური ძალის შეჩერება მხოლოდ ზვიადისა და მერაბის დიდ ავტორიტეტს შეეძლო და ასეც მოხდა! ზვიადთან შეთანხმებით, მერაბ კოსტავამ შეუძლებელი შეძლო... ღალიძგასთან მის მიერ ამ ლაშქრის შეჩერებამ აფსუები კატასტროფისაგან იხსნა... აფსუათა მხრიდან ამის დაუნახაობა,-ისევე, როგორც ბევრი სხვა რამისაც, დიდი უმადურობაა.

უიარაღოებს მაშინ სხვა რაღა უნდა გვექნა... გული კი გვეთანაღრებოდა, მაგრამ უკან გამობრუნება უფრო გონივრულად მივიჩნიეთ.

იმავე დღეს ტელევიზიის კომიტეტს დაუკავშირდი და დავალება მივიღე ამომწურავი ინფორმაციით თბილისში გამოვცხადებულიყავი.

19 ივლისს გამოვედი ტელევიზიით და სამეგრელოში ნანახ-განცდილი ავსახე მოკლედ. “მოამბის” რედაქციაში გავიგე ვოვა ვეკუას დაღუპვა, რამაც ძალიან დამამწუხრა. იგი წინა დღეს გარდაიცვალა.

სამეგრელოს რაიონებიდან ყოველდღიურად, სოხუმში, ვოვას ჭირისუფალთან მისასამძიმრებლად უამრავი ადამიანი ჩადიოდა. 23 ივლისს წალენჯიხელა თითქმის ასკაციან კოლონას გავყევი მეც. ცხედარი ეროვნული დროშებითა და უამრავი თაიგულით მორთულ დარბაზში ესვენა. ირგვლივ ხალხის ტევა არ იყო. ვოვას მეგობრებმა, ყველანი, ჯგუფებად დაცალკევებულნი ჭირის სუფრაზე წაგვიყვანეს. ისინი თავს გვევლებოდნენ-თქვენი მოსვლით ჩვენს სათაყვანებელ ძმას და მეგობარს, ღირსეულ მამულიშვილს ეცით პატივი და ამიტომაც, მუდამ თქვენს სამსახურში გვიგულეთო! თამადას გიგლა ერქვა. გვარი არ მიკითხავს. მან მითხრა: ტელევიზიით რომ გამოხვედი, მოგისმინეთ, მოგვეწონა, მაგრამ უფრო ომახიანი და დიდი ტანისა ჩანდიო. აღფრთოვანებულნი ვართ სამეგრელოს მხარდაჭერით. ასე ერთსულოვანი თუ ვიქნებით, ვინ რას დაგვაკლებსო! სამწუხაროდ, მერე არც სამეგრელოს მხარდაჭერა გამოდგა შედეგიანი და ვერც თვითონ აფხაზეთის ქართველებმა გამოიჩინეს საჭირო ფხა. ერთსულოვნებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არც მაშინ და არც მერე სათანადოდ არავინ გაანალიზა მომხდარი, თორემ არ ექნებოდა ადგილი ისეთ გულარხეინობასა და დანაშაულებრივ დაუდევრობას, რასაც აფხაზეთში ომი მოჰყვა, თავისი ყველაზე მძიმე შედეგებით.

25 ივლისს, აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღეს, მეუღლესთან ერთად, საკუთარი “ჟიგულით” გავემგზავრე წალენჯიხიდან სოხუმში, ვოვას დაკრძალვაზე დასასწრებად. ახლა წალენჯიხელთა კიდევ უფრო დიდი კოლონა მიემართებოდა ვოვას ჭირისუფალთა და მეგობართა სანუგეშებლად. ქართველთა საერთო გასაჭირში თანაგრძნობისა და თანადგომის გამოსახატავად. ასევე, უამრავი მანქანა იყო ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რაიონებიდან. კოდორის ხიდთან რუსმა სამხედროებმა გაგვაჩერეს და საბუთები შეგვიმოწმეს. ჩემს პასპორტში თბილისის ჩაწერა რომ აღმოაჩინეს, მითხრეს, უკან უნდა მიბრუნდე, დღეს სოხუმი კერძო მანქანებისათვის დაკეტილია, თბილისში ჩაწერის მქონეს იქ ვერ შევუშვებთო. მეუღლემ უთხრა, რომ დაკრძალვაზე მივდივართ, ნათესავი მოგვიკლესო.
-ძალიან სასიამოვნოა!-უტიფრად მიუგო რუსმა მაიორმა და მე ხელი უდიერად ამიქნია.-მოვრჩით ლაპარაკს!
-საქართველოს ტელევიზიის თანამშრომელი ვარ,-პირადობის მოწმობა დავანახე.-სხვები ხომ გაუშვით!
-ნათქვამი ვერ გაიგე?!-ხელების სწრაფი მოძრაობით მხარზე მოგდებული ავტომატი წინ გადმოხარა და ლულა მკერდზე მომიშვირა საველეფორმიანმა ჯარისკაცმა. მეორე წუთს ჩახმახიც გაჩხაკუნდა. კამათი აშკარად სახიფათო იყო. ისინი ხომ დაუნდობელი იმპერიის ნება-სურვილის აღმსრულებელნი იყვნენ. წალენჯიხელები, ალბათ, აფხაზეთის მცხოვრებნი ეგონათ და ამიტომაც გაატარეს. გამოვბრუნდი. კინდღში “ჟიგული” უცხო ოჯახს მივაბარეთ და ავტობუსით წავედით. იმავე ხიდთან ავტობუსიც შეაჩერეს და რუსის სალდათებმა მგზავრები შეგვათვალიერეს... რუსეთის იმპერიის განსაკუთრებულად ვერაგი მტრული განწყობა საქართველოსადმი უკვე იწყებოდა. ვინც მერე აღმოჩნდა მოვლენების სადავეებთან, ეს არ გაითვალისწინა.

ვოვა ვეკუას დაკრძალვას ზრვა ხალხი დაესწრო. იგი ღირსეული პატივით, ეროვნული დროშებისა და წითლად ხასხასა ვეება თაიგულების მორევში ჩაფლული ჩამოასვენეს სახლისწინა დაღმართზე. პროცესია ქართულ საშუალო სკოლასთან შეჯგუფდა. სკოლის ეზოში ყველა ვერ დაეტია და მიმდებარე ქუჩებიც ხალხით გაივსო. სამგლოვიარო მიტინგზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა ზურაბ ჭავჭავაძემ, მაგრამ ხალხს თითქმის არაფერი არ გაუგონია, რადგან ადგილობრივ ხელისუფალთ მიკროფონით სარგებლობის უფლება არ მიუციათ. ამიტომაც, ეს ბოლო სამგლოვიარო ცერემონიალი უღიმღამოდ ჩატარდა და ამან ცოტათი გააფერმკრთალა სხვა შთაბეჭდილებაც. იგრძნობოდა ერთგვარი შიში, აფსუები კვლავ არ დაგვესხან თავსო-ხალხის ერთი ნაწილი მიტინგის მსვლელობისას დაიშალა. წალენჯიხელები ბოლომდე დავრჩით და რამდენიმე კილომეტრზე გაწელილ პროცესიას გავყევით სასაფლაომდე.

* რინა-ყოფიერება, ცხოვრება

შტრიხები ვოვა ვეკუას პორტრეტისათვის (I ნაწილი)

თამაზ შოთაძე

"კარგ ყმად ვინა ვთქვათ, ვოჟებო,
ნათქვამი არა გვრცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს"...

ვაჟა-ფშაველა

ქართული სულის ამბოხი

“თავს დასტრიალებს ქართულ მიწას, ძვლებით გაპოხილს,
სული ქართული, გაჟღენთილი ვნებით, ამბოხით,
ვერ ეგუება უძრაობას მიწყივ მბორგავი,
უტეხი, მტკიცე, ქედუხრელი, შეუბორკავი”.

ალმანზორ თავაძე

ერის უკვდავი სული მისსავე წიაღში ერთეულსა და ყველაში ცოცხლობს და გარკვეულ ისტორიულ პერიოდში ერთობლივ ძალმოსილებას იძენს... ასეთი პერიოდი ახლახან ვიხილეთ, 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანის დასაწყისში, როცა დიადი მიზნისათვის აზვირთებულმა ქართველმა ხალხმა, სულ მოკლე დროში, იმპერის ჯებირები მილეწ-მოლეწა, თავისუფლების ელვარე სხივით ჩამოქუფრული ცის კაბადონიდან ღრუბლები მიჰყარ-მოჰყარა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მზე გამოაბრწყინა.

თავისუფლება ძლიერთა და გონიერთა ხვედრია,-ქვეყნად სამართლის სუფევაა,-უწინარესად სანატრი, თავი და თავია კაცობისა,-კეთილშობილებისა და ამაღლებული ღირსებისა.

-და ფეხზე დადგა საქართველო მოფრიალე, შინდისფერი დროშებით ხელში.

მართალია, ამ პროცესს ახლდა კატაკლიზმები, კაენის სულის აღზევება, უდანაშაულო ადამიანთა სისხლი და ცრემლი-დიდი მსხვერპლი, მაგრამ ქართული სულის მაშინდელმა დიდებულებამ ყოველივე გადასწონა... შემდგომში, ბოროტების იმპერიის ხრიკებმა, სამშობლოს წინააღმდეგ რენეგატთა და კოლაბორაციონისტთა დარაზმულობამ გააფერმკრთალა ეროვნული სულის სიდიადე, მაგრამ დასაწყისი მართლაც სულისშემძვრელად ლამაზი და ამაღელვებელი იყო. და იგი მუდამ იქნება გზამკვლევი თავისუფლებისათვის სამომავლო ბრძოლებშიც.

ქართული სული-ისტორიის ქარტეხილებში უმეტესად გაბრწყინებული, აზრის ძალმოსილებით გალაღებული, დროდადრო დათრგუნულიც, მაგრამ წმინდა გენით მუდამ შემართული, ქედუხრელი, ღვთიური ცეცხლის მატარებელი, სიკეთით მადლმოსილი, დიდებულობით მირონცხებული...-მომთმენი, მაგრამ ავ-კარგის ჩინებული მცოდნე, ადამიანური ღირსების მოტრფიალე,-ამ ბოლო საუკუნეების მანძილზე განუწყვეტლივ ეძებდა თავის ჭეშმარიტ ადგილს თავისუფალ ერთა შორის და როცა წითელ იმპერიას ძალადობის საყრდენი ოდნავ კი მოეშალა, გოროზად მუშტშემართული ამოიმართა და მოითხოვა სამართალი-უძველესი სახელმწიფოებრიობის მქონე ერის თავისუფლება!

წითელი იმპერია ადამიანთა საზოგადოების ყველაზე უკეთესი ფორმაციის პრეტენზიით არსებობდა და დემაგოგიური პოსტულატებით ჰფენდა აზრებს კაცობრიობის ბედნიერ მომავალზე, სინამდვილეში კი, როგორც მას უწოდებდნენ, ხალხთა საპყრობილეს წარმოადგენდა, სამართლიანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლისკენ მიმართული ყველა ძალისხმევა და ამ უდიდესი მნიშვნელობის საქმეში საქართველომ მოწინავე როლი შეასრულა, რაც, ისტორიულ გარემოებებთან ერთად, თავისუფლების ქართველ ჯარისკაცთა, ცალკეულ პიროვნებათა თავდადებისა და მამულიშვილური ღვაწლის ნაყოფია.

უქსკურსი უახლოეს ისტორიაში:
იმპერიული რუსიზმის არსი აშკარად გამოვლინდა 1978 წლის 14 აპრილს, როცა საქართველოსთვის სახელმწიფო ენად რუსულის შემოღების დადგენილება უნდა მიეღოთ. ქართული სულის აშკარა ამბოხის გამოვლინებად იქცა ახალგაზრდობის მანიფესტაცია უნივერსიტეტიდან მთავრობის სახლამდე და იქ, რუსთაველის პროსპექტზე გრანდიოზული შეკრება ქართული ენის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების მოთხოვნით. ერის სულმა თავისი გაიტანა და ეს უკვე პატარა ბზარი როდი იყო სსრკ-ს მონოლითში.

წითელი არმიის სამხედრო მანევრების შედეგად გარეჯის უდაბნოში უძველესი სამონასტრო კომპლექსებისადმი საფრთხის შექმნა საქართველოში საყოველთაო მსჯელობის საგანი გახდა და მაშინ ფართო საზოგადოებრიობამაც გაიგო, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფალთათვის საქართველოს და თუნდაც სხვა რომელიმე რესპუბლიკა (რუსეთის გარდა) დაბალ ღობესაც კი არ წარმოადგენდა, მაგრამ ქართულმა საზოგადოებრივმა აზრმა, ეროვნული სულის სიმტკიცემ ძალმოსილება შეიძინა და აიძულა “მრავალთავა ურჩხული” ლმობიერებისათვის მოეხმო. იმ დროს ღირებულებები ჯერაც თავდაყირა იყო წითელ საქართველოში: რენეგატს მამულიშვილი ერქვა, მამულიშვილს-სარეველა, მონობას-თავისუფალი შრომა, თავისუფალ შრომას-დანაშაულებრივი საქმიანობა, რაც ქურდობაზე უფრო მკაცრად ისჯებოდა (ახლაც არ არის ნაკლებად აღრეული ყოველივე-ფსევდოდემოკრატთა ხელისუფლების ძალადობამ უკიდურეს ფორმებს მიაღწია, მაგრამ სარწმუნოა, რომ ხალხი უფრო ერკვევა ავ-კარგში).

იმპერია განსაკუთრებით თავისუფალ სიტყვას ემტერებოდა, რათა ძალადობაზე აგებული ბოროტების მოჩვენებითი სათნო ფასადი და აშმორებული უკანა ხედი თავისუფალ სიტყვას სააშკარაოზე არ გამოეტანა,-დიდებული მომავლის მიტი არ გაეცამტვერებია. მართალია, თავისუფალი სიტყვის გამო “მოძმე” ერების საუკუეთესო შვილნი იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ საპატიმროებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ისინი მაინც ამბობდნენ სათქმელს! მაინც ებრძოდნენ წითელ ურჩხულს-მრავალთავა ჰიდრას, კპცკ-ის პოლიტბიურო რომ ერქვა! ეს იყო უმეტესობისათვის წარმოუდგენელი, გაუგონარი და მიუღებელი ბრძოლა, რადგან ეშინოდათ, მათაც არ მიწვდენოდათ კრემლის გრძელი ხელი, მათაც არ დაშავებოდათ რაიმე. დაცემული სიმართლის წამოწევას თითქმის ვერავინ ბედავდა და მაშინ საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, თანამოაზრეთა მცირე ჯგუფით, რომლებმაც ვყელას დასანახად აანთეს თავისუფლების ჩირაღდნები.

ქართული სულის ამბოხის განსაკუთრებით მძლავრი გამოვლინება იყო ქართველი ახალგაზრდების შიმშილობის აქცია თბილისში, 1988 წლის ნოემბერში, როცა აფხაზეთში, ცნობილი ლიხნის წერილის გამო მიმდინარე რთულ პროცესებთან დაკავშირებულმა საპროტესტო გამოსვლამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის სახე მიიღო. ეს იყო ნოემბრის სუსხიან დღეებში ქართველთა შემართებისა და სიმტკიცის გამოცდაც. მთელი საქართველო თანაუგრძნობდა მოშიმშილეებს, მხარში ედგა მათ და ეს უკვე თავისუფლებისათვის ბრძოლის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.

9 აპრილს შემოჯარულმა წითელმა არაკაცებმაც ვერ შეაკრთო მთავრობის სახლის წინ შეკრებილთა სულისკვეთება. ერის სული სიმღერით შეხვდა უდიდეს განსაცდელს და ტრაგედიის შემდგეგ უფრო მიზანსწრაფულად აღიმართა იმპერიის წინააღმედგ, მაგრამ არ ეძინა მტერს, დროის შესაფერისად გარდაქმნილს, შინაგანად გამძვინვარებულს, კობრასებრ აწვდილს თავისუფლებისაკენ მსწრაფი ერებისადმი თავდასასხმელად... ბოროტებამ თვითონვე გააცამტვერა ფარისევლური მითი საბოლოო კეთილ მიზანზე-ერთა ძმურ ერთიანობაზე, როცა უმტყუნა მოთმინებამ და დასაგესლავად დააცხრა თავისი სამშობლოს დედაქალაქში, მთავრობის სახლთან შეკრებილ ქართველებს, რომელთა ერთადერთი “დანაშაული” თავისუფლების სურვილი იყო. წამებულთა სისხლში განბანილი ამობრწყინდა აისი საქართველოს თავისუფლებისა და იმპერიის ერთგულებისადმი მეხდამტეხი ძალით გაისმა მოწოდებები დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

და მაშინ საქართველოს თავისუფლებისათვის ყველაზე დიდი საფრთხის შემზადება დაიწყო აფხაზეთში. სწორედ, იქ იყო განსაკუთრებით საჭირო მახვილგონიერება და თავისუფლებისათვის შემართული სულის ძლიერება. გონიერება აფსუებთან ნათესაური ურთიერთობის განმტკიცებას, ურთიერთნდობას მოითხოვდა; საქართველოს თავისუფლებისაკენ სწრაფვას, რაც ბუნებრივი და რაც მთავარია, სამართლიანი იყო, ისინი არ უნდა დაეფრთხო, რადგან ქართველ ერს თავისუფლების სიკეთე ქვეყნის ყველა მცხოვრებისათვის სურდა და არამარტო ქართველთათვის, როგორც მაშინ იმპერიის კარნახით მტკიცება იწყეს შინაურმა თუ გარეულმა მტრებმა. სიტუაციების მართვას აფხაზეთში ავტორიტეტული, პრინციპული, ძლიერი ადამიანები სჭირდებოდა და ასეთთა შორის შემართებული საქმიანობით, ზნემაღალი თვისებებით გამოირჩა ვოვა ვეკუა, ჭეშმარიტი მამულიშვილი, აფხაზეთის მიწას ფესვებით შეზრდილი ნამდვილი სოხუმელი, სისხლი სისხლთაგანი ქართული გენისა. მას ეთქმოდა კიდეს სეფე სიტყვა, რადგან საკუთარ თავზე მეტად უყვარდა აფხაზეთი და სრულიად საქართველო, უყვარდა ძუძუმტეობითა და მორდუობით, სისხლისმიერი ნათესაობით შემომტკიცებული გააფხაზებული თანამემამულენი, აფსუები და სურდა ამ სამოთხისდარ მიწაზე ერთად ეშრომათ, ეღვაწათ ქვეყნის საკეთილდღეოდ. იგი ეძებდა საერთოს სიძულვილით გაასპიტებულ, ავად აღრენილ აფსუებშიც,-სიტყვითა და საქმით ცდილობდა ურთიერთთანხმობის მიღწევას. ეს მერაბ კოსტავას და მისი სიტყვებია, ხშირად რომ იმეორებდა მიტინგებზე და და პირად საუბრებში: “ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზთა გულებისაკენ”… ისინი უწინარესად ქართველობადაკარგულ თანამემამულეებს გულისხმობდნენ, რომლებიც თავიანთი აფხაზობით სამშობლოს უპირისპირდებოდნენ.

ზვიადისა და მერაბის თანამებრძოლი

”სამშობლოს სიყვარული მტკნარი ფიქციაა, თუ მისი თავკიდური არ იქნება საქმე”

კონსტანტინე გამსახურდია

ვოვა ვეკუა ინტელიგენტების ოჯახში აღიზარდა. დედა, ვარვარა (ვალია) ჭანტურია, ქართული ენის მასწავლებელი იყო-26 წელი დირექტორობდა სოხუმის და შემდეგ მე-6 საშუალო სკოლას. მამა, ვლადიმერ ვეკუა-უნარიანი, ცნობილი საბჭოთა ხელმძღვანელი მუშაკი. 1949 წელს, მათ მეორე ვაჟი, ვოვა რომ შეეძინათ, არც ისე ახალგაზრდები იყვნენ და ძეობა თავიანთი ცხოვრების უდიდეს მოვლენად აღიქვეს.

ვოვას უფროსი ძმა, ვახტანგი იხსენებს:
”ვოვას დაბადებამ ჩვენს ოჯახში დიდი ზეიმი გამოიწვია. მაშინ 6 წლის ვიყავი, მაგრამ საერთო დიდი სიხარული მეც კარგად მახსოვს... უამრავი მომლოცველი მოდიოდა... მეზობლად ბრმა ქალი ცხოვრობდა. თურმე, რამდენიმე წელიწადი იყო, რაც შინიდან საერთოდ არ გამოსულა და ისიც კი მოვიდა-მამაჩემს მოულოცა ვაჟის შეძენა... ცხადია, ყოველივე ეს ჩვენი ოჯახისადმი მაშინდელი საერთო კეთილგანწყობის შედეგი იყო… სიხარულმა, მილოცვებმა, ურთიერთსიყვარულმა ისეთ აპოგეას მიაღწია, რომ ციცქნა ვოვა “გადაავიწყდათ”. ამასობაში მეც მომინდა გამეზიარებინა საერთო სიხარული, ოჯახში რომ სუფევდა და გამომეხატა აღტაცება პატარა ძმის დაბადების გამო; ამიტომაც, მარტო რომ დავიგულე, ვტაცე ხელი, გულზე მივიკარი და უფროსებს მივაშურე: აი, ვინ მომყავს, ნახეთ-მეთქი! იმათ კინაღამ გული გაუსკდათ, არიქა, ხელიდან არ გაუვარდესო.

სხარტი აზროვნების ბავშვი იყო და სკოლაში კარგად სწავლობდა-წარჩინებით დაამთავრა. ვოვასთან ერთ კლასში იყვნენ თემურ ლორთქიფანიძე, ნუგზარ მგალობლიშვილი... სიყრმის წლებიდან მეგობრობდა სოსო ადამიასთან, თემურ მჟავიასთან.

ქუჩას, სადაც ვცხოვრობდით, თავიდან ვენეციის, მერე ბესლეთის გზატკეცილი ეწოდებოდა, ბოლოს სამსონ ჭანბას სახელი დაერქვა. არც ერთი აფსუა იქ არ ცხოვრობდა. ჩვენი სახლი და კარმიდამო გორაკზე მდგარი გადაჰყურებდა თითქმის მთელ ქალაქს. სახლის უკან, თამბაქოს ფაბრიკას მიმდებარე, მუშათა დასახლების ფეხბურთის მოედანი იყო... ვოვას ყმაწვილობისას ფეხბურთი ძალიან იტაცებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითონაც კარგად თამაშობდა. მაშინდელ ინტერნაციონალურ სოხუმში, ფეხბურთის მოედანზე, ეროვნული განსხვავება რა სათქმელ-საფიქრალი იყო. თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აკავშირებდა აფსუა და სხვა ეროვნების სპორტსმენებთან... იმ პერიოდიდან დაუმეგობრდა გურამ გაბისკირიას, სერგეი ბაღაპშს, ამირან ზარანდიას და სხვებს, რომელთაგან შემდგომში სეპარატისტებიც გამოვიდნენ და ეროვნულ საქმეს გმირულად შეწირულნიც. მაშინ სპორტულ მოედანზე ყველანი ერთნი ვიყავიტ და ასაკში განსხვავებაც არ არსებობდა. მერე კი ბედის ირონიამ ზოგიერთები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაგვაპირისპირა ერთმანეთს.

70-იან წლებში ვოვა ქ. გორკის ავტოსამშენებლო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მე-3 კურსიდან სწავლა თბილისში გააგრძელა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. სამსახური დაიწყო ქ. სოხუმის პირველ ატკ-ში, გზების უსაფრთხოების ინჟინრად.

-როგორ ჩამოყალიბდა ეროვნულ მოღვაწედ და მამულიშვილად?
-ბავშვობიდანვე ძალიან ყურადღებიანი და ცნობისმოყვარე იყო. ჩვენს ოჯახში ხშირად თავს იყრიდნენ ქალაქში ცნობილი მშენებლები, ექიმები, პედაგოგები-საერთოდ მწიგნობარი ხალხი. ვოვა მათთან გაშინაურებული იყო ბავშვობიდანვე და უთუოდ ბევრ რამეს იგებდა მათგან. მერე, როცა ჩემთან მეგობრები შევიკრიბებოდით და ვმსჯელობდით საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რუსეთის დამპყრობლურ, ვერაგულ პოლიტიკასა და ჩვენს მოვალეობებზე, ვოვაც იქვე ტრიალებდა, გვისმენდა, ნაკლებად რომ საუბარში ჩართულიყო და არც ჩვენ გავირევდით, რადგან ჯერაც მოუმწიფებელ ყმაწვილად ვთვლიდით... მაგრამ სადა ხარ... იგი თურმე ყველაფერს იმახსოვრებდა. ჩვენი ლაპარაკი თუ მხოლოდ საუბრის თემა იყო, მისთვის ცხოვრების მიზანი გამხდარა. ჩვენსა და უფროსი თაობის წარმომადგენელთა შორის სასხვათაშორისო საუბრებიდან ვოვა თურმე მამულიშვილურ საფიქრალს ღრმად აანალიზებდა და გულში იბეჭდავდა. თანაც ბევრს კითხულობდა, თვითონაც მეგობრების ფართო წრე გაიჩინა და თანდათან აღმოჩნდა, რომ ჩვენი ვოვა განათლებული კაცი დადგა, ხასიათიც მტკიცე ჩამოუყალიბდა, ოღონდ ეს კია, რომ ძალიან გულთბილი და ლმობიერი იყო. აფხაზები უყვარდა, ბევრი აფხაზი და ბერძენი მეგობარი ჰყავდა (სხვათა შორის, დაკრძალვის დღეს ბერძნებმა დიდად დააფასეს). საერთოდაც, ვოვას ადამიანი უყვარდა,-ყველა ეროვნების ადამიანი. ამიტომაც, უფრო გულსატკენია, მესამე ძალის მიერ გაბრიყვებულმა აფხაზებმა თავიანთივე კეთილისმყოფელი, ქართველთა და აფხაზთა კარგი ურთიერთობების დამყარებისათვის თავდაუზოგავი ადამიანი რომ მოკლეს... არავის არ შეეძლო მათი საერთო სატკივარ-საწუხარისათვის ისე გაეგო, როგორც ამას ვოვა მოახერხებდა.

1987 წელს საქართველოსა და აფხაზეთშიც პირველი არაფორმალური ორგანიზაცია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში ხშირად ჩამოდიოდნენ სოხუმში მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ზურაბ ჭავჭავაძე. იმ წელს დედა გარდაგვეცვალა და მერაბ კოსტავა ჩვენს ოჯახში მოვიდა, მოგვისამძიმრა. ვოვამ გამაცნო: მერაბ კოსტავააო!-დაუფარავი სიამაყის გრძნობით მითხრა. ბევრი ისაუბრეს არაფორმალური ორგანიზაციების მომავალზე. აფხაზეთის ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ძირითადად ჩვენს ოჯახში იკრიბებოდა. თავჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი იყო. ვოვა თაოსნობდა მიმართვებისა და მიტინგზე გამოსასვლელი ტექსტების წერას, იქვე მზადდებოდა ეროვნული დროშების ნიმუშები”.

* * *

საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ 1988 წლიდან დაიწყო მიტინგები სოხუმში, რომელთა ყველაზე აქტიური წარმმართველი ვოვა ვეკუა იყო. დიდმნიშვნელოვანი , საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა მან 1988 წლის 3 დეკემბერს ქ. სოხუმში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ გამართულ მიტინგზე:

”აფხაზთაგან თქმულა: “გვირჩევნია ლომის ხახაში მოვექცეთ, ვიდრე მგლისა”. ვაცხადებ, ქართველი ერი არასოდეს წარმოადგენდა მგლების ხროვას და თუ არსებული პოლიტიკური ფორმაციის, ტოტალიტარიზმისა და დიქტატურის ახლო წარსულში საქართველოში დაბოგინობდა რამდენიმე ათეული პირსისხლიანი მგელი, იმავე დროს აქ, აფხაზეთში, იმდენივე პირსისხლიანი ტურა დაწანწალებდა და უწყოდნენ თუ არა, ორივენი ლომის ინტერესებს ემსახურებოდა.

მატერიალისტურ ჭაობში ჩაფლულ ზოოლოგიურ ნაირსახეობათა თარეშს ბოლო მოეღო. დღეს მოაბიჯებს დემოკრატიულად, თავისუფლად მოაზროვნე ქართველი ერი, რომელიც მზადაა გულში ჩაიკრას აფხაზი ძმა”.

ამა წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სოხუმის ფილიალის წევრები ვიზიტად ვიმყოფებოდით ქალაქის აღმასკომში, თბილისის გზატკეცილის სათავის სახელის უკანონოდ შეცვლის გამო. გამომშვიდობებისას ბატონმა მერაბ კოსტავამ, რომელიც იმხანად ჩვენთან ერთად იყო, არაკეთილმოსურნე აღმასკომელ მასპინძლებს უთხრა: “ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ!

სრული ჭეშმარიტებაა, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ!

მხოლოდ ეს არის, ეს არ იქნება გზა სავარძელს ჩაბღაუჭებული კარიერისტების, მლიქვნელების, ლაქიების, ფსევდოინტერნაციონალისტების, ვაიინტელიგენტების. ეს იქნება ძნელი, ეკლიანი და ამდენადაც, სამართლიანი გზა და ჩვენ ამ გზას უსათუოდ გავივლით!

მთავარანგელოზი, წმინდა გიორგი მობრძანდება თეთრ რაშზე ამხედრებული, მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რათა საუკუნოდ განგმიროს ბოროტების განმასახიერებელი ურჩხული. ქართველი ერი გულხედაკრეფილად არ უნდა ელოდოს განკითხვის ჟამს. ჩვენი ვალია, ჩვენი გონების, გულის და თავისუფალი ნების თვალსაწიერიდან, აფხაზ ხალხთან ერთად ავმაღლდეთ ერთიან, ურღვევ სულიერ კონსოლოდაციად. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიხილავთ ჩვენ ქრისტიანობის, დემოკრატიის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის გარდაუვალ ტრიუმფს”.

ამონარიდი დავით ჩიტაიას სტატიიდან “კვალი ნათელი”:

”1989 წლის 8 თებერვალს მთელი საქართველო ზეიმობდა საქართველოს სამეფო ტახტზე დავით IV აღმაშენებლის აღსაყდრების დღეს. სოხუმში, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით გადაწყდა ამ დიდი თარიღის აღსანიშნავად ჩატარებულიყო სოხუმის საკათედრო ტაძარში ლიტურგია. ვოვა ვეკუა იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ითავა ეს პატრიოტული საქმე. მანვე შეიმუშავა მიმართვის ტექსტი სოხუმის მოსახლეობისადმი (ვინაიდან ეს დოკუმენტი დღეს ისტორიის კუთვნილებაა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მკითხველს გავაცნოთ იგი-დ.ჩ.).

”თებერვლის 8-ში სრულდება 900 წელი საქართველოს სამეფო ტახტზე დავით IV აღმაშენებლის ასვლის დღიდან. დღეს, ქართველთა ეროვნული თვითშეგნების აღმასვლის ჟამს საქართველო დღესასწაულობს ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს მოვლენას. XX საუკუნე იწურება, მოაღწია მრავალტანჯულმა საქართველომ XXI საუკუნის კარიბჭემდე. მომავალში დიდი კატაკლიზმებია მოსალოდნელი, ქართველებს, როგორც არასდროს, სჭირდებათ ეროვნული სულისკვეთების გამოღვიძება. 1989 წლის 8 თებერვალს სოხუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ჩატარდა პარაკლისი ქართული წირვა-ლოცვით, ქართული გალობით. სოხუმელებო! მოგმართავთ ყველას, მორმწუნესა და ათეისტს, ინტელიგენციას, მუშაკებს, გლეხებს, მოუხმეთ თქვენს გონებას, გულს, ნებას და დარწმუნდებით ამ წმინდა აქციის ჩატარების აუცილებლობაში. მთელ საქართველოში ათასობით ანთებულ წმინდა სანთლებს მოკრძალებით მივუმატოთ ჩვენი სანთელიც, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთიდან, აფხაზეთიდან, რომელიც განსაკუთრებულ სიკაშკაშეს შემატებს იმ სრულქმნილ ერთიან სანთელს, რომლის სახელია სამშობლო ჩვენი-საქართველო. მობრძანდით ეკლესიაში, რათა პატივი მივაგოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სიმბოლოს –დავით აღმაშენებელს,-მისი ხსოვნის დღეს”.

1989 წლის 26 მაისს სოხუმის ნავსადგურის მიმდებარე მოედანზე (მაშინ კონსტიტუციის მოედანს უწოდებდნენ) გაიმართა გრანდიოზული მიტინგი, რომელსაც 60 ათასზე მეტი კაცი ესწრებოდა. ამ მიტინგზე ვოვა ვეკუამ და სხვა გამომსვლელებმა კვლავაც ჩამოაყალიბეს საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ძირითადი მოთხოვნები: აღსდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, გაყვანილ იქნეს იმპერიის ჯარები ჩვენი ქვეყნიდან, აფხაზეთში შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, დაიშალოს აფხაზეთის მარიონეტული მთავრობა, შეწყდეს ქართველთა დევნა-შევიწროება. მიტინგზე ითქვა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ქართველები არასოდეს არ დათმობენ მას! გაისმოდა სკანდირება: გაუმარჯოს საქართველოს თავისუფლებას!

სერგი საჯაიას ბროშურიდან: “კოლხური კოშკის ლასკარი და ცხუმ-აფხაზეთი”, სადაც ბროშურის ავტორისა და ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას დიალოგია გამოქვეყნებული:

ს. საჯაია: ვოვა ვეკუა ცხუმ-აფხაზეთში ყოველთვის ბრძანდებოდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საიმედო დასაყრდენი... ვოვა ვეკუას “კოლხური კოშკის” აღმართიდან არ გადაუხვევია.

მ. არჩვაძე-გამსახურდია: ჩემი ძმა იყო ვოვა, ჩვენ ხშირად ვიყავით ერთად, ზაფხულში განსაკუთრებით ზღვაზე. აქაც ჩამოდიოდა “კოლხურ კოშკში”. ვოვამ ყველას დაგვწყვიტა გული. მე იშვიათად შემხვედრია ასეთი კეთილშობილი, განათლებული პიროვნება, მამულიშვილი, გამტანი, უღალატო. მე კარგად ვიცი ის ხალხი, ვინც ვოვას სახელით სპეკულირებას ცდილობს. მათ, თავის დროზე, ზვიადისა და მერაბის სახელი, როგორც გითხარით, თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეს.

ვოვა ბრძანდებოდა შესანიშნავი მამულიშვილი, მეგობარი, მეოჯახე, მისთვის სამშობლოზე ძვირფასი არაფერი არსებობდა. ამავე დროს, ღრმად მორწმუნე გახლდათ.

ჩვენი ვოვას ზნეობრივი გმირობა, განსაკუთრებით 1989 წლის მოვლენებში გამოვლინდა. მას ყოველთვის სწორი დასკვნები ჰქონდა. ღად ღირს მისი სიტყვა, რომელიც მან მიტინგზე წარმოთქვა მაშინ, 1988 წლის 3 დეკემბერს კელასურში: “ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზთა გულებისაკენ”.

მე ვიტყოდი, რომ ეს დღესაც “კოლხური კოშკისათვის” საპროგრამო დებულებაა.

იცით რა, ვოვა ვეკუაზე მე მიჭირს საუბარი. მე მტკივა ვოვა. ეს არის უტეხი ვაჟკაცის ადრე ჩაფერფლილი, რაინდული სული... ნათელში ამყოფოს ღმერთმა. მისი ოჯახი ცხუმ-აფხაზეთში თავის ოდა-სახლს დაუბრუნოს ღმერთმა, მდინარე ბესლეთის პირას, თამარ მეფის ხიდის მახლობლად, ბაგრატის ციხის მოპირდაპირე გორაზე რომ ჰქონდა, ამ მართლაცდა სულით და ხორცით ქართველს.

მე მის დაბადების დღეს, 5 აგვისტოსა და იმ უბედურ დღეს-15 ივლისს სანთელს ვუნთებ მის მკაფიო და ნათელ ხსოვნას.

ვოვა ვეკუას საქმიანობა ეროვნულ მოძრაობაში-ეს სულ ცალკე თემაა და მას ვერასოდეს მიუახლოვდებიან ისინი, ვინც დღეს მისი სახელის ამოფარებას ცდილობენ”.

სერგი საჯაიას სტატიიდან “მოსაგონი კაი ყმად დარჩენილი ადამიანისა” (“საქართველოს სამრეკლო”. 4-18 აგვისტო, 1998 წ):

”ცხუმ-აფხაზეთში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის კოლხური კოშკისეული თვალგახელა გულისხმობდა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანტიიმპერიულ (ანტირუსულ და ანტიქემალისტურ) ქუდზეკაცობას: ძუძუმტეობისა და მორდუობის ზნეობრივი საწყისების ზეობას, საბჭოთა სახელმწიფო კონსტრუქციების (ფაქტის) დემონტაჟსა და კომუნისტური ცნობიერების, როგორც გამანქურთებული ეთნოდივერსიის მხილება-აღგვას.

ამ ძალისხმევის უპირველესი თაოსანი გახლდათ ვოვა ვეკუა”.

”როდესაც საუბარია ვოვა ვეკუას “არაფორმალობაზე”, პირველ რიგში, მხედველობაშია მისაღები ის, რომ მისი თაოსნობით 1989 წლისათვის (ბატონ ზვიადთან შეთანხმებით და მერაბ კოსტავას მონაწილეობით) სოხუმში შეიქმნა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომლის ძირითადი ნაწილი ყოველთვის მხარს უჭერდა ბატონი ზვიად გამსახურდიას ეროვნულ პროგრამას. ღა თქმა უნდა, ამ საზოგადოების აფხაზეთის განყოფილებაში შემოაღწია დესტრუქციულმა ნაწილმაც, რომელთაც 1989 წლის თებერვალში “ცენტრათან” ერთად ე.წ. “ღირსების სასამართლო” (სუკ-ის პროვოკაცია) მოუწყვეს ბატონ ზვიადს. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის საზოგადოება პროტესტის ნიშნად დატოვა ერთმა ჯგუფმა. ვოვა ვეკუა დარჩა ამ საზოგადოების წევრად, მაგრამ განაგრძო იქ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას პოლიტიკური ხაზის გატარება”.

ზურაბ კვარაცხელიას სტატიიდან “ვოვა ვეკუა” (“თვალთაი”, 19-25 აგვისტო, 1998 წ.):

”იშვიათად მინახავს ვოვას სადარი ზნეობრივი, პატიოსანი, ქველი, ერთი სიტყვით ქრისტიანული იმპულსების მქონე ადამიანი. ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად ასაკში თხუთმეტ-თექვსმეტი წლის სხვაობისა, ვმეგობრობდი მასთან, ვიყავი მისი თანამებრძოლი და მისი ხატება მუდამ თან მდევს. მისი სულიერება დღესაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩემს არსებობას ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, და არა მარტო ჩემსას, ალბათ”.

”ერთხელ, თუ არ ვცდები, ეს იყო 1987 წლის მეორე ნახევარში, ვოვას ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ის ზვიად გამსახურდიაზე. მიპასუხა: ხვალ უსათუოდ შევხვდეთ და გეტყვიო. ცოტა არ იყოს, უკმაყოფილების გრძნობით დავცილდი იმ დღეს. თუმცა, ვოვასთვის ეს არ მიგრძნობებია. შევხვდით მეორე დღეს ერთმანეთს. “ჰა, გამომართვი”,-მითხრა და გადმომცა ქაღალდის ფურცლები. დავხედე, ქაღალდზე დაბეჭდილი იყო მერაბ კოსტავას ლექსი “ძმას-ქრისტესმიერს”. თან დასძინა: “ზურა, აი, ეს არის ჩემი პასუხი”.

ბევრი სხვათა მოგონებებიდანაც იკვეთება, რომ მოვლენათა მიმდინარეობის შებამისად, იმ ურთულეს პერიოდში, ვოვა ვეკუა გახდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა აფხაზეთში. ზვიადთან ერთად და მერაბთან ერთად, როგორც მათი იდეური უმცროსი ძმა, იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა თავისუფლებისკენ მქროლავ საქართველოს ფრთა არ მოსტეხოდა აფხაზეთში, 9 აპრილიდან გადმობრიალებულ ჩირაღდანს აფხაზეთის ვიწროებიც გაენათებია და მხოლოდ საკუთარ ჯამში ჩამყურე ქართველობაშემოცვეთილ ფილისტერებს ყურადღება ეროვნული ცნობიერებისკენ მიეპყროთ...

აფხაზეთში, სადაც ქართველებიც ერთმანეთში რუსულად საუბრობდნენ და სადაც ქართელის მიერ საქართველოსადმი განდგომას მოღალატისთვის აშკარად პრივილეგიები მოჰქონდა, განსაკუთრებით საჭირო იყო ანთებული გულისა და ძლიერი სულის ერისკაცი,-ისეთი, როგორიც იყო ვოვა ვეკუა.