mercoledì 28 maggio 2008

შტრიხები ვოვა ვეკუას პორტრეტისათვის (III ნაწილი)

აფხაზეთი-ტრაგიკული დაპირისპირება

აფხაზეთში მოვლენების შემდგომმა განვითარებამ დაგვანახა, რომ მერაბ კოსტავას გაკვალული და ვოვა ვეკუას მიერ მტკიცედ არჩეული გზა მესამე ძალის მხილებისა დაპირისპირებულთა გამოსაფხიზლებლად-ერთმანეთის გულების საპოვნელად იყო ერთადერთი და სწორი... საქართველოს ხელისუფლება კი, როგორც მანამდე, ასევე 15-16 ივლისის შემდეგაც, ადგა ყოველივეს მიჩუმათების, აფხაზეთის ქართველობის განსაცდელისადმი თვალის მოხუჭვის, საკუთარი ტყავის გაფრთხილების უნიათო პოლიტიკას. აუცილებელი იყო ობიექტური შეფასება მისცემოდა მომხდარს, პასუხი მოეთხოვათ ტრაგედიის ორგანიზატორებისა და უშუალო შემსრულებლებისათვის, მაგრამ ეს ასე არ მოხდა!

ქართველთა მხარემ 15-16 ივლისს მომხდარი ამბები გამარჯვებად აღიქვა. შესაძლოა, ეს მაშინ ნაწილობრივ ასეც იყო-აფსუებს უკანდახევის გარდა სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, მაგრამ ზიანი ქართველებს მეტი მიადგა, მოკლულებიც ბევრად მეტნი იყვნენ ქართველებში და დაჭრილ-დასახიჩრებულნიც. რაც მთავარია, მკაცრი იურიდიული შეფასების გარეშე ამ მოვლენების დატოვებამ აფსუებს სულ მოკლე ხანში კვლავ განუმტკიცა რწმენა, რომ საწადელს ეწეოდნენ... მათ უფრო გაუმძაფრდათ სიძულვილი, რაც უთუოდ ცენტრთან, “უფროს ძმებთან” კონსულტაციებისა და იმპერიისაგან კვლავ წაქეზების შედეგიც იყო. ქართველების მდგომარეობა აფხაზეთში უფრო აუტანელი გახდა... ასე რომ, ერთგვარი წარმატება სულ მალე მარცხის ტოლფას დათმობებში გადაიზარდა. უკვე არავინ ჩანდა ვოვას მსგავსი შუამავალი აფსუათა და ქართველთა შორის. სიმართლის ძიება კი მოითხოვდა ყოველივე ამის ობიექტურ ანალიზს კანონიერი, მშვიდობიანი მეთოდებით, არგუმენტირებული დასაბუთებით, ურთიერთდიალოგით. საჭირო იყო რეაქციული მესამე ძალის ბოლომდე მხილება, მაგრამ ამის გამბედაობა საქართველოს ფაქტიურმა ხელისუფლებამ შემდეგ, მესამე ძალისაგან თავსმოხვეული გაგანია ომის დროსაც ვერ გამოიჩინა. ხელისუფალნი ახლაც ვერ არქმევენ სახელს, რაც აფხაზეთში ხდებოდა და ხდებოდა,-რაც რუსეთისადმი მონური შიშისგან გამომდინარეობდა და დღესაც გამომდინარეობს, და რამაც სამარცხვინოდ დაგვაკარგვინა კიდეც აფხაზეთი.

”1989 წლის ივლისის ტრაგედიის შემდეგ აფხაზები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, უფრო დიდი გული მიეცათ, ისინი აშკარად აბუჩად იგდებდნენ ქართველებს, ისინი ცინიკურად დასცინოდნენ 9 აპრილის ტრაგედიას, ქართველთა გასაღიზიანებლად ისინი აშკარად ამართლებდნენ, ხოტბას ასხამდნენ რუსეთის არმიასა და რუს გენერლებს... აფხაზებს ქართველები თავიანთ დაუძინებელ მტრებად მიაჩნდათ, ამას აშკარად აცხადებდნენ და ამით კიდევ უფრო მეტ სიძულვილს უნერგავდნენ რიგით აფხაზებს ქართველთა მიმართ.

აფხაზები რომ გათავხედებულნი იყვნენ და არაფერს არ დაგიდევდნენ, ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება”...-წერს მირიან ჯალაღონია 1998 წლის გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში “მოლოდინი” და იქვე მოჰყავს შთამბეჭდავი მაგალითი: აფსუა ლადარიამ, რომელიც სახელდახელოდ გაიძახოდა: იცოდეთ, მალე, აფხაზეთში ქართველების დასამარხავი მიწაც არ იქნება როგორ მოკლა სრულიად უდანაშაულო ქართველი და ციხიდან მოკლე ხანში გათავისუფლდა.

აფსუებთან ურთიერთობისას ქართველებისადმი სიძულვილის სუსხი პირადად მეც რამდენჯერმე გამოვცადე. პირადული ხომ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საზოგადოებასაც და პირიქითაც.

ჩემთვის აფხაზეთი მუდამ მშობლიურად ძვირფასი იყო. იქ გატარებული ბავშვობის მონაკვეთები ერთ-ერთ უბედნიერეს პერიოდა შერჩა მეხსიერებას. მერეც, როცა საქმიანობით საკმაოდ დაშორებული ვიყავი,-თბილისიდანაც ვახერხებდი ჩავსულიყავ და როგორც ჟურნალისტს, ურთიერთობა მქონოდა აფხაზეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და აფსუებთან. სამსახურებრივი მივლინებებით და საკუთარი სურვილითაც ბევრჯერ ვყოფილვარ აფხაზეთის ყველა რაიონში. მათ შორის, რამდენჯერმე გუდაუთაშიც. 70-იან წლებში, სხვა და სხვა დროს მცირე მოცულობის ნარკვევები და ტელეგადაცემების სცენარი დავწერე გუდაუთელ მექანიზატორებსა და მეჩაიეებზე-ისინი აფსუები იყვნენ. ბევრი რამ აფსუებთან ურთიერთობისას მადლიერების გრძნობით, ძალზე თბილად დამამახსოვრდა, მაგრამ ამასთანავე, როგორც აღვნიშნე, გულნატკენი და აღშფოთებულიც ვყოფილვარ. ახლა მხოლოდ 15-16 ივლისთან დაკავშირებულ ამბავს გავიხსენებ, როგორც მაგალითს იმისას, თუ როგორ თავხედურად იქცეოდნენ აფსუები და რა მიუტევებელი პოზიცია ეჭირათ საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტს,-მისადმი დაქვემდებარებულ საინფორმაციო მაუწყებლობებს.

სოხუმის სისხლიანი შეტაკების შემდეგ აფსუათა ძირითადმა ნაწილმა გუდაუთის რაიონში მოიყარა თავი, გუდაუთა ხომ სეპარატიზმის ბუდე და აფხაზეთის აფსუათა უმთავრესი საცხოვრისია. მაშინ იქ ქართველებიც საკმაოდ ბევრნი ცხოვრობდნენ. საქართველოს ტელევიზიის საკუთარი კორესპონდენტები აფხაზეთში, გასაგები მიზეზების გამო, თავს არიდებდნენ გუდაუთაში ჩასვლას. არადა, აღწევდა ცნობები, რომ იქაურ ქართველებს ძალიან ავიწროებდნენ. საქართველოს რადიოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გადავწყვიტე, “რეპორტიორით” ჩავსულიყავი და ადგილზევე, გუდაუთელი ქართველებისაგან გამეგო არსებული მდგომარეობა. ეს იყო სახიფათო რისკი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში სწორედ რისკს ახლავს ხიბლი ჟურნალისტიკაში. ასე იყო თუ ისე, წინასწარ შევუთანხმდი გუდაუთელ ნაცნობ ოჯახს, რომ შემიფარებდნენ და ხელს შემიწყობდნენ...

1989 წლის სექტემბერში საკუთარი “ჟიგულით” მარტო ჩავედი გუდაუთაში. მანქანა მაშინვე გადავმალე და იქაური ქართველების მეშვეობით ორი დღე ვიარე ქალაქსა თუ სოფელში. ვნახე თანამემამულეთა საოცარი შემართება! ამბობდნენ: ახლა რომელი ქართველიც აქედან წავა, ეგ ბრძოლის ველიდან გაქცევას ჰგავსო. აქვე უნდა გავმაგრდეთ და არავისი რომ არ გვეშინია, უნდა დავანახოთ ყველასო. ჩვენ უნდა წავიდეთ, ეს უნდათ, მაგრამ ვერ ეღირსებიანო! “რეპორტიორში” ჩაწერისას უმეტესობამ აშკარად დაასახელა თავისი სახელი და გვარი. მხოლოდ ზოგიერთმა ჩათვალა ეს ზედმეტ რისკად, რადგან ჩვენი დამცველი ამ ქვეყანაზე არ ჩანსო. აუდიოჩანაწერებში თავიანთი ემოციები უფრო მოთოკილად გადმოსცეს-ყველანი იმას ამბობდნენ, მომავალშიც ერთად უნდა ვიცხოვროთ, კეთილგონიერებამ უნდა გაიმარჯვოსო, ნუ დავანგრევთ ერთმანეთთან მისასვლელ გზევსო. ვოვა ვეკუას სახელი ყველას პირზე ეკერა. ჩანდა, რომ ბევრი მათგანი სოხუმის მიტინგებს ესწრებოდა და ვოვას პირადად იცნობდა. სახელოვანმა პედაგოგმა, გუდაუთის ქართული საშუალო სკოლის დირექტორმა, ილია არქანიამ, რომელსაც მაშინ დირექტორობის 46 წლიანი სტაჟი ჰქონდა, მითხრა: “ვოვას დაღუპვა ძალიან განვიცადეთ. სწორედ, მისი გონივრული მტკიცებანი, რომ თავისუფლება ორივე მხარეს უკეთესი ცხოვრების პირობებს შეგვიქმნის და მხოლოდ ურთიერთთანხმობით უნდა შევძლოთ ვიგემოთ თავისუფლების მადლი, ჩვენს საერთო საფიქრალს კარგად ეხმიანებოდა. ამათი ცუდიც არ გვინდა. გვეგონა, საერთოს ვიპოვიდით, ახლა კი 15 ივლისის ამბებით თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა აფსუებთან და გაურკვევლობაში ვართ. დიდი ცოდვა დაიდეს აფსუებმა, მაგრამ სინდისის ქეჯნის არაფერი ეტყობათ... ისინი თანდათან ძალიან შეიცვალნენ, გათავხედნენ, გვემუქრებიან, რის გამოც მოსწავლეთა რიცხვმა საგრძნობლად იკლოო. ამავე დროს, ადგენენ შავ სიებს,-იმ პირებს, რომლებსაც სახლები უნდა გადაუწვან და ფიზიკურადაც გაუსწორდნენო. ამ სიაში პირველ ნომრად ვარ დასახელებული და თუ რამეს დაწერთ, ნუღარ მახსენებთო. აქ ისეთი ვიგინდარებიც არიან, არავითარ ბოროტებას არ დაერიდებიანო. ჩვენ კი დამცველი არავინ გვყავს, ყველაფერში ამათ ნება-სურვილზე ვართ დამოკიდებულნი. უნდა მოგვკლავენ, უნდა გვაცოცხლებენო.

ახლაც კი გულს მიწვავს მისი ნაუბარი-დღევანდლამდე არსად არ მომიხსენებია ბატონი ილია და არც ისინი, რომლებიც ამას უფრთხოდნენ...

უცნობად დარჩენის მსურველმა გუდაუთელმა ქართველმა მითხრა ასეთი რამეც:
”... აფხაზი ძმა და და მეგონა ჩემი. ძუძუმტე და გამზრდელი მეგონა, რომელთანაც პური გამიტეხავს, ღვინო მისვამს და ერთი მიწისა და ზეცის სადღეგრძელოს მითქვამს. მიწის, ცის, ზღვისა და ჰაერის მოზიარე მეგონა და მე სიყვარული მსურდა მისი. მინდოდა თანაგრძნობა გვქონოდა ერთმანეთისა, ჭირსა და ლხინში ერთად ვყოფილიყავით და ახლაც არ მჯერა, რომ იგი მტერი აღმოჩნდა ჩემი. დიდი ვერაგობაა უმტრო მას, ვისაც შენი ძმობა, ძუძუმტეობა, გამზრდელობა, მეგობრობა საფიცრადაც კი გაუხდია, ვისაც შენთან ერთად ყოფნა და თანამეინახეობა სურს... ვისაც არასოდეს შენდამი მტრობა არ გაუწევია და ვინც მუდამ მზად იყო შენს გვერდით ძმად და მეგობრად დარჩენილიყო. თანაც სხვის ზურგს მიყრდნობილმა გააკეთო ეს, მტრად ექცე ძმას იმის გამო, რომ დროებით ძლიერი მფარველი იპოვე და გინდოდეს ძმას წაგლიჯო ერთობლივი სამკვიდრებელი?!

იმედგაცრუებულის დიდი სიმწარე სდევს ასეთ მუხანათობას და ეს არა მარტო ერთი მხარისათვის...”

ჩემს კორესპონდენია-რეპორტაჟში ბარე ათამდე კაცი ასახელებდა თავის ვინაობას და უშიშრად საუბრობდნენ აფსუათა თავგასულობაზე-იმაზე, რომ აფსუები არბევდნენ ქართული სოფლების სალოცავებს, პარაშუტისტებს ეძახდნენ ქართველებს, თოფ-იარაღით ეჭრებოდნენ მათ სახლებში და სიკვდილის მუქარით მოითხოვდნენ დაეტოვებინათ სახლ-კარი, რომელიც შემდეგ უთუოდ აფსუას უნდა შეეძინა. თვით მე ვნახე უამრავი განცხადება ქართველებისა, სახლებს რომ ჰყიდდნენ.

ქართველებს სანადირო თოფები ჩამოერთვათ, აფსუები კი ახალსოფლის გარშემო ყოველ დილით ჯგუფ-ჯგუფად ნადირობდნენ და ქართველთა კარმიდამოებთან გასვლა-გამოსვლისას საგანგებოდაც, დასაშინებლად აქუხებდნენ სხვა და სხვა სისტემის იარაღს... ახალსოფლის კოლმეურნეობის პამიდორი და კომბოსტო აუღებლობით უკვე გაფუჭებული იყო; ჭკნებოდა და ლპებოდა 1500 ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალიც-მოკრეფისა და ღვინის ქარხნებში ჩაბარების ნებას აფსუები არ იძლეოდნენ. ფაქტიურად, ულუკმაპუროდ რჩებოდა სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა. ასეთ პერიოდში გასაკვირიც კი იყო, რომ ბევრ გააფსუებულ ქართველს უნდოდა საკუთარი ეროვნების დაბრუნება, მაგრამ ამ პროცესს გარედან ხელს ვერავინ უწყობდა, ადგილობრივი ხელისუფალნი კი აქტიურად ებრძოდნენ ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას. ქვეყანას პატრონი სჭირდებოდა, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ჩვენი უნიათობა და უხერხემლობა ჩანდა. ბარე ორი ათეული სხვა, მსგავსი პრობლემა იყო ჩამოთვლილი იმ რეპორტაჟში.

დიდის სასოებით, გულმოდგინეობით მომზადებული ეს მასალა და მასთან ერთად ცალკე ჩანაწერი გუდაუთელი მუსიკის მასწავლებლისა იმის შესახებ, რომ სასიკვდილო საფრთხის გამო გამოიქცა გუდაუთიდან ზუგდიდში, ეთერში არც ერთი არ გადაცემულა. მოულოდნელი უარის მიზეზად დამისახელეს, რომ კპცკ-ში იქნებ არ მოსწონებოდათ! თურმე, შესაძლო იყო, ეს რეპორტაჟი და მუსიკის მასწავლებლის გამოსვლა დაძაბულობისადმი ხელისშეწყობად ჩაეთვალათ! არც კი დამთანხმდნენ, რაიმე ფორმით მაინც, ეთერში გასულიყო ჩემი რეპორტაჟიდან გამომდინარე ინფორმაცია. რა მოგვიტანა ასეთმა წაჯექ-უკუჯექობამ, მერე ყველამ დავინახეთ.

შევუდაროთ ამ ფსევდოპატრიოტიზმს ვოვა ვეკუას პოზიცია და მაშინვე თვალსაჩინოვდება, ვინ იყო მამულიშვილი და ვინ კიდევ მამულის ჩრდილი.

სამწუხაროდ, უკვე აღარ ვიცი, როგორ წარიმართა ჩემი გუდაუთელი ნაცნობ-მეგობრის ბედი, სად არის ამჟამად, ან არის კი ცოცხალი ბატონი ილია არქანია,-ის გუდაუთელი და ახალსოფლელი მამაცი ვაჟკაცები... რადიოში დაწუნებული ეს რეპორტაჟი მოგვიანებით გაზეთში დავბეჭდე.

სიმხდალესა და მიტევებას შორის დიდი ზღვარია. უთუოდ სიმხდალე, დასაკუთრებული სკამების დაკარგვის შიში იყო მიზეზი აფსუათაგან ქართველთა უპატივცემულობას, შეურაცხყოფას და თვით შემზარავ დანაშაულსაც საქართველოს ხელისუფალნი რომ ვერ პასუხობდნენ სათანადოდ, თორემ საქვეყნოდ მხილებულს რომ შეღავათს გაუწევ და შემოირიგებ, ამაში კეთილშობილურსა და ამაღლებულს შენდამი დაპირისპირებული მტერიც კი დაინახავს. შეუწყნარებელ ბოროტმოქმედებათა პატიება კი ახალი უფრო დიდ დანაშაულთა გამომწვევი ხდება. გაჩუმება და სირაქლემასავით სილაში თავის ჩარგვა კი არა, ისეთივე შეგონებითი საუბრები და ადამიანური, კანონიერი მომთხოვნელობა სჭირდებოდა აფსუებთან ურთიერთობას, როგორიც ვოვა ვეკუას შეეძლო და სამართლიანი ხელისუფლების მკაცრი, დამნაშავეთა ამლაგმავი ხელიც. არა ომი და კონფრონტაცია, არამედ გონივრული პოზიცია…

ხალხი მუდამ მაღლა დგას ომით გამოწვეულ შემზარავ მოვლენებზე. სარწმუნოა, არც ქართველ და არც აფსუა ხალხს არ მოუსურვებიათ ურთიერთდაუნდობლობის ის საშინელი ფორმები, ამ ომს რომ ახლდა. ძალზე ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ებრძოდნენ ჩვენი ისტორიული ურთიერთობების არმცოდნე, გაბოროტებული ადამიანები. ბევრი რამის განუჭვრეტლობამ, რასაც უმართავი პროცესები მოჰყვა, უკუღმა დააბრუნა ჩვენი ისტორიულიის ბორბლი, მაგრამ ფიქრისა და განსჯის შედეგად, ბოროტს უნდა სძლიოს კეთილმა... რუსთველის ამ ბრძნული აზრით იყო აღზრდილი ვოვა ვეკუა. ჩვენც მისი თანამოძმენი სიკეთისკენ მიდრეკილნი ვიყავით მუდამ... სწორედ, სიკეთემ და ურთიერთპატივისცემამ კვლავაც უნდა გაგვითბოს გული.

დღევანდელი გადასახედიდან, დანახვის უნარის მქონესთვის, თვალსაჩინოდ ჩანს (მაშინაც ჩანდა!), რომ არ შეიძლებოდა არც დანაშაულის მიეტევება და არც ომი. საჭირო იყო გამოსავალის ძიება ისეთი გონივრული, ბრძნული პოზიციით, საქართველოს ჭეშმარიტად ეროვნულ მოძრაობას რომ გააჩნდა,-რაც შემდგომში გააცამტვერა საქსახსაბჭოს უკეთურმა ნაბიჯებმა ისტორიულ კოლხეთში, როგორც სამეგრელოში, ისე აფხაზეთში. სამომავლო ეროვნული ინტერესები ამჟამადაც ურთიერთგაგებას მოითხოვს, რადგან რაც დრო გავა, ბოროტება კი არ უნდა გაღვივდეს და გალაღდეს, არამედ დაითრგუნოს! ასეთია უფლის ნება. ადამიანები უფლის მიერ გონიერებას ვართ ნაზიარები და ვალდებულნი ვართ ეს გვახსოვდეს!

მებრძოლი პატიოსნება

”აი, ვინ არის კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!”

ვინ არ დაფიქრებულა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაცი? რა თვისებები უნდა ამკობდეს და გამოარჩევდეს უამრავ უსახოთაგან? უთუოდ უმთავრესია, იყოს ზრდილი, თავმდაბალი, პატიოსანი, ავ-კარგის ჩინებულად მცოდნე, გულისხმიერი, მაგრამ პრინციპული და შეუპოვარი, მამულისათვის თავდადებული, სიმართლის მამაცი დამცველი. ვფიქრობთ, ვაჟა-ფშაველასეული კაი ყმის პორტრეტი დავხატეთ და საერთო აზრით სწორედ ასეთი იყო ვოვა ვეკუა.

მეგობრები, თუ თანამოაზრეები მის ყველაზე უფრო თვალში საცემ ღირსებას მებრძოლ პატიოსნებაში ხედავდნენ.

პატიოსანი, მართალი კაცია საზოგადოების ღერძიცა და ბორბალიც. იგი მიეზიდება უმძიმეს ტვირთს მოვალეობისა და კაცობისას, ასე აუცილებელი რომ არის ადამიანთა საერთო კეთილდღეობისათვის... მხოლოდ იგი არა კარგავს წონასწორობას უმადურობის, თვალთმაქცობის, ძალადობის და ასხვა მრავალ უმსგავსობათა წინაშე და ბოლომდე ერთგული, თავისთავადი რჩება მამულიშვილური საზრუნავისა და ადამიანური სიკეთისადმი. ამიტომაც, გადის პატიოსანი კაცის ცხოვრების გზა ბეწვის ხიდზე, რომელიც აკაცთაგან, ეგოცენტრიზმით შეპყრობილი პატიოსნება, სინდის-ნამუსი ზედმეტ ტვირთად რომ დასწოლიათ და ამიტომაც საბოლოოდ მოუცილებიათ კიდეც.

კაი ყმის ვაჟკაცური პრინციპებისადმი უღალატობას შეეწირა ვოვა ვეკუა იმ ავადმოსაგონარ 15 ივლისს. მან არ დატოვა ბრძოლის ველი, რადგან მისი, როგორც პატიოსანი, მებრძოლი კაცის სიტყვა და საქმე ერთი იყო.

-ვოვა უპატიოსნესი კაცი იყო,-მითხრა საქართველოს დევნილი უზენაესი საბჭოს წევრმა ველოდი მირცხულავამ.-მასზე ყოველი კარგი სიტყვა ალალია,-რაც გულით სწამდა, იმ საქმეს ემსახურებოდა, სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული იყო და შეეწეირა კიდეც. უფრო დიდი რამ რა უნდა გაეკეთებია!

-მე სულ არ მინახავს ვოვა ვეკუასთანა პატიოსანი კაცი, თანაც მებრძოლი ბუნებისა-ფლიდობასა და თვალთმაქცობას არავის აპატიებდა და შეეძლო ჯიქურ მიეტანა იერიში. თუმცა, იშვიათად, როცა საქმე შინაურ წრეს, თანამდგომ ახლობელ ადამიანს ეხებოდა, ბავშვივით გულდაწყვეტილი და გაყუჩებულიც ყოფილა,-გაიხსენა ზურაბ კვარაცხელიამ.-1989 წლის 24, ან 25 მაისს სოხუმში მერაბ კოსტავაა ჩამოსული დეიდის დაკრძალვაზე. საღამოს მერაბის ნათესავის, დიმიტრი ქებურიას ოჯახში შევიკრიბეთ ეროვნული მოძრაობის აქტივისტები. უფრო სწორად, ეს იყო შეხვედრა მერაბთან საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ. მაგიდასთან მიგვიწვიეს, სადაც საუბარი გაგრძელდა და ერთ-ერთმა პიროვნებამ (არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს) მერაბის წინაშე აშკარად გაყალბებულად წარმოაჩინა რომელიღაც მოვლენა და თანაც იმდენად უსირხცვილოდ და თავდაჯერებულად, რომ ვოვა გაოგნებული წამოდგა. ცოტა ხანი ბოლთის ცემით დადიოდა ოთახში და მერე უძრავად მდგარი, დიდხანს გაჰყურებდა ღამეულ შორეთს მეთოთხმეტე სართულის ღია სარკმლიდან, მასთან გამოსამშვიდობებლად მისულს კი, როგორც ჩვეოდა ხოლმე, საოცრად ჭკვიანური და მეტყველი თვალებით შემომხედა და სევდანარევი ხმით წარმოსთქვა: “ზურა, არ ყოფილა პოლიტიკა ჩემი საქმე”. მე კი გავიფიქრე: ეჰ, ჩემო ვოვა, პოლიტიკა შენისთანების საქმე უნდა იყოს სწორედ, რადგან პოლიტიკაში წრფელი გულითა და სუფთა ხელებით მოსულ პიროვნებებს ძალუძთ კეთილმყოფელი, განსაკუთრებული როლის შესრულება.

-სხვები გმირებს იგონებენ, ჩვენ კი გვყავდა და სათანადოდ ვერ დაგვიფასებია.-ასეთია აფხაზეთის დევნილთა საბჭოს თავჯდომარის მურმან ბერიას აზრი ვოვა ვეკუაზე.

-ვოვა გმირია!-ამბობენ მისი თანამებრძოლები და თანამოაზრენი. დღეს უკვე სხვა და სხვა პარტიებში მყოფნი, პარტიულად განსხვავებული პროგრამის მქონენი, გარკვეული თვალსაზრისით ურთიერთდაპირისპირებულნიც კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ერთ აზრზე არიან. ასეთი რამ მხოლოდ განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეულთა ხვედრია.

კიდევ ერთ ამონარიდს გთავაზობთ დავით ჩიტაიას ზემოთხსენებული სტატიიდან: “იმ რთულ და ეკლიან გზაგზე, რომლის გავლაც ვოვას მოუხდა, მუდამ გვერდში ედგა მისი ცხოვრების ერთგული მეგობარი, მეუღლე, სათნოების განსახიერება ქალბატონი ეთერი. ვოვა აღმერთებდა ოჯახს, მის დღიურებში ვკითხულობთ: “ღმერთო,-დაილოცოს შენი წმინდა სახელი, შენ დაიფარე ჩემი ანდრია, ჩემი ლევან, ჩემი ეთერი, შემინდე მე ცოდვილს და მომიმართე ხელი კეთილშობილ და პატიოსან საქმეში. დიდებულო, შენ მოუმართე ხელი ყველა ქართველს-საქართველოს და თავისუფლებისათვის მებრძოლთ”.

ვოვას ვედრება ღმერთმა ისმინა, ქალბატონ ეთერის მესვეურობით მისი ოჯახი ჩუმად, უპრეტენზიოდ ემსახურება ქართულ საქმეს. ქართველი ქალის დიდსულოვნების გამოხატულება იყო ქალბატონ ეთერის “მიმართვა აფხაზ და ქართველ ხალხს”, სადაც იგი წერს: “მოგმართავთ ვედრებით მე, ქვრივი ძმების მიერ განწირული ქართველისა. ვოვა ვეკუასთვის ძვირფასი იყო ძმობისა და მეგობრობის ისტორია. ბოროტმა ძალამ დაანგრია და ფეხქვეშ გათელა ჩვენი წმინდა წარსული, ჩვენი ისტორია, შევევდროთ ღმერთს, რათა შეგვინდოს ძმების მერ დაღვრილი სისხლი”.

ვოვას ორი ვაჟკაცი ღირსეული შვილები არიან მამისა, ლევანი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს სოხუმის ფილიალის სტუდენტია, ანდრია შვეიცარიაში სწავლობს, დორნახში-ასენზას უმაღლეს სამხატვრო სკოლაში. წელს პირველად მოეწყო ციურიხში მისი ნახატების პერსონალური გამოფენა, რომელსაც დიდი წარმატება ჰხვდა წილად, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ვოვას მოწამეობრივი სიკვდილი დასტურია იმისა, რომ აფსუა ექსტრემისტებისათვის განურჩევლად ყველა ქართველი, ვინც კი რაიმე სასურველსა თუ არასასურველს იტყვის მათ შესახებ, მტერია და ამდენად, მოკვეთილ უნდა იქნას. ვოვა ვეკუა ხომ განუწყვეტლივ ეძიებდა “გზას აფსუა ხალხის გულებისაკენ”, მაგრამ ვაი, რომ გულები არ აღმოაჩნდათ “ქართული შოვინიზმის” ბანგით გაბუებულებს. მგლის თავზე სახარების კითხვა აღმოჩნდა მისი გულწრფელი სიტყვები.


ეს ნარკვევი ვოვა ვეკუას ზოგად ჭრილში წარმოსახვაა მხოლოდ, სხვათა პუბლიკაციებისა და ნააზრევის გათვალისწინებითაც. პრეტენზია არა გვაქვს, რომ მისი პიროვნების შესაფერისი თუნდაც მცირედი გვეთქვას. ვოვას პორტრეტი უფრო მასშტაბურად არის წარმოსადგენი და მომავალში, როცა ქართველები სოხუმში დავბრუნდებით, იქ უთუოდ იგი კვლავ იქნება მასპინძელი თავისუფალი საქართველოს მშენებლობის მესაძირკვლეთა შორის.-მაშინ უფრო ფართოდ გათვალსაჩინოვდება მისი მამულიშვილური ნაფიქრ-ნაღვაწი, მისი დიდი გულის სითბო, უწინარესად კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმის პრინციპებებზე რომ იყო აგებული და ორივე მხარის, ქართველთა და აფსუათა ურთიერთდაახლოებისაკენ მიმართული.

დროთა მდინარებაში გმირის სახელი კი არ ფერმკრთალდება, არამედ ახალ ელფერს იძენს. ასე იქნება მუდამ, რადგან სწორი იყო ვოვა ვეკუას დამოკიდებულება მამულიშვილური საქმისადმი-აფხაზეთში საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოღვაწეობისას... მას უყვარდა საკუთარი ერი და უყვარდა აფხაზები, აფსუები, როგორც თანშეზრდილი ხალხი, თითქმის ერთნაირი ტრადიციებით შემომტკიცებული, ისეთივე თვისებებით შემკობილი, როგორც თვით დიდბუნებოვანი კოლხნი იყვნენ. მას თანშეზრდილი აფხაზი უნდოდა ძმად და მეგობრად თავისუფლების დიდ გზაზე, “ოღონდ არა მკვლელი და მოღალატე, არამედ შეგნებული და განწმენდილი”.

დღეს მისი სიტყვები, რომელთა მოძიება და ერთ კრებულად დაბეჭდვა საშური საქმეა, აფხაზეთში ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობების მოსაგვარებლად ანდერძის სახესაც ღებულობს და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.


p.s. სიკვდილის შიშის დაძლევაში სულის ღვთაებრივი სიდიადეა და მარადიულთან წილისდებაც, სიცოცხლე უფრო ფასობს სწორედ თავდადების უნარის მქონე ადამიანების წყალობით, რადგან ისინი გვმოძღვრავენ როგორ ვიცოცხლოთ და მოვკვდეთ, როცა მიზანი სიცოცხლეზე ძვირფასია. ასეთი მიზანი უწინარესად სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაა და სულის მგზნებარების, არა მარტო საკუთარი, არამედ საერთოდ სიცოცხლის განსაკუთრებული ტრფიალის შედეგია-ასეთ თავგანწირვაში სრული ძალით ვლინდება ადამიანური ცხოვრების ხიბლი.

უკვდავება სიკვდილის დამარცხებით იწყება.

XI-XII. 1999 წელი.

ვოვა ვეკუას ხსოვნას

მოვსულვართ ქვეყნად რისთვის და რატომ,
თუ ერთმანეთის არ ძალგვიძს შველა...
ვაი, რომ მტერთან დაგვტოვეს მარტო,
პანაშვიდზე კი მოვიდა ყველა.

სულის სიღრმეში, უცნაურ გზნებით,
მაცდურ ვნებათა ბობოქრობს ცეცხლი,
შენ გერგო ტანჯვით სავალი გზები,
ბევრმა შეიტკბო ოქრო და ვერცხლი.

წახველ და გაგყვა მამულზე ჯავრი
და სიბრალული უგუნ ბრბოთა,
ჩუმად იტვირთე ქართული ჯვარი
და გაიარე რწმენით გოლგოთა.

სული კი შენი ზღვისპირა ვერხვებს
ეალერსება მამულზე დარდით
და შემართული, ვით ღამის მეხრე,
ნისლში ჩაძირულ სოხუმში დადის.

გიორგი სიჭინავა

Nessun commento: