საბედისწერო 15 ივლისი...
”ზღვა არის მოწმე,
სიყვარულისთვის,
საქართველოს სიყვარულისთვის,
რუსთველის ძეგლთან
ქართველი მოკლეს!”.
დარიკო ფიფია
15 ივლისს საქართველოს დიდი ტრაგედია დაიწყო აფხაზეთში! ბოროტების იმპერიის მიერ დათესილმა და გაღვივებულმა თესლმა გაიხარა და შხამიანი ნაყოფი გამოიღო-აფსუები ისტორიულ ძმებს, მორდუებსა და ძუძუმტეებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეაჯახა.
საშინელია სიძულვილი, იგი გულმოწყალებას, სიკეთეს, სათნოებას სპობს, მხოლოდ დაუნდობლობას, მტრობას, სიკვდილსა და განადგურებას ალაღებს. სიძულვილს სახელმწიფოები აღუგვია პირისაგან მიწისა, თორემ ცალკეული ადამიანები მისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. სიძულვილი დიდი უბედურების დასაწყისია და მისგან გამუდმებით უნდა ველოდეთ ტრაგიკულ პერიპეტიებს. ამიტომაც იყო საჭირო მოზღვავებული ბოროტების შეკავება, მაგრამ საუბედუროდ, ეს ვერ მოხერხდა.
მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო და რისი წინააღმედგი მთელი არსებით იყო ვოვა ვეკუა.
დაინტერესებულმა მკითხველმა ყოველივე ამის მიზეზები იცის. ჩვენ მხოლოდ უმთავრესს შევახსენებთ.
ახალი დაპირისპირების საბაბი გახდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაყოფა-ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის შექმნა. ვნებათაღელვამ განსაკუთრებით იჩინა თქავი ამ ფილიალში მისაღები გამოცდების დანიშვნისას. აფსუებმა ულტიმატუმი წაუყენეს საოლქო კომიტეტს, რათა მიეღოთ გადამჭრელი ზომები გამოცდების ჩასაშლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ, რომ სპეციალურად მომზადებული ბრიგადები მოახდენდნენ საოლქო კომიტეტისა და უნივერსიტეტის ფილიალის ბლოკირებას.
მისაღები გამოცდები დანიშნული იყო 16 ივლისს.
15 ივლისს “ქ. გუდაუთიდან და განაპირა სოფლებიდან ჩამოსვლა იწყეს აფხაზთა ჯგუფებმა. მათ ალყაში მოაქციეს სოხუმის პირველი საშუალო სკოლა, სადაც დროებით განთავსდა თსუ-ს ფილიალის მიმღები კომისია და სასტიკად სცემეს კომისიის წევრებს, მთლიანად დაარბიეს შენობა. 15 ივლისს, დაახლოებით 17 საათისათვის, სოხუმის რუსთველის სახელობის პარკში შეკრებილ ქართველებს თავს დაესხნენ ქვებით, რკინის საგნებითა და ლურსმნიანი ხელკეტებით შეიარაღებული აფხაზები. მოგვიანებით გაისმა სროლის ხმაც. იმ საღამოს დაიღუპა 11 ქართველი და 5 აფხაზი,-ასობით დაიჭრა. ვერაგულად მოკლეს ქართული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვოვა ვეკუა. 16 ივლისს ქარვთელობა და “არაფორმალები” აკონტროლებდნენ სოხუმს...
16-17 ივლისის განმავლობაში გუდაუთიდან ოჩამჩირეში კატარღებით გაიგზავნა სხვა და სხვა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ათასამდე აფხაზი, ნაწილი გაიგზავნა ტყვარჩელში.
გალიდან ავტობუსებით მომავალ მშობლებს რომლებსაც სოხუმში მყოფი სტუდენტი და აბიტურიენტი შვილების ბედი აღელვებდათ, მდ. ღალიძგასთან აფხაზმა ბოევიკებმა გზა გადაუკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს. მძიმედ დაიჭრა ავტობუსის მძღოლი ნ. შამათავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლულ იქნა რ. ეხვაია და ნ. შენგელია. შექმნილი ვითარების მსხვერპლი გახდა “სოხუმხელსაწყოს” გალის ფილიალის დირექტორი ი. მოლაშხია (ნაწყვეტი წიგნიდან “აფხაზური ლაბირინთი”, თბ, 1999 წ.)”.
გონებადაბნელებულ აფსუათა ბრბოს სისხლი სწყუროდა,-ქართველთა სისხლი, რადგან იმპერიამ 9 აპრილს ვერ მოიკლა ეს წყურვილი, ვერ გაძღა იგი ქართველი ქალებისა და ბავშვების სისხლით და ახლა უფრო ვერაგული ჩანაფიქრის განსახორციელებლად აღაგზნო ეს ბრბო... შეაგულიანა, გაამამაცა, შეახსენა ჩვენთვის მწარე ჭეშმარიტება, რომ ქართველებს კვლავ ყურზე ეძინათ და სახიფათონი არა ჩანდნენ. თანაც, ამ აქციის შედეგად ვეება დივიდენდებს შეპირდა-თავისუფლებასა და ქართველთა ქონების დაპატრონებასაც. მაშინ ეროვნულ-გამათავისუფლებელიი მოძრაობის თავკაცების გონიერებამ ჩაშალა ეს ჩანაფიქრი, მაგრამ 1993 წლის სექტემბერში, რუსეთმა აფსუების ხელით, “დიდი პოლიტიკოსის” დახმარებით, მზაკვრული გეგმა მაინც განახორციელა.
ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულიდან ვგებულობთ, რომ 15 ივლისს, დილას, ვოვას ტელეფონით დაურეკავს სოხუმიდან, ულაპარაკია ზურაბთან, რომელსაც ამ საუბრის შემდეგ ძალზე შეწუხებულს უთქვამს: “შესაძლოა, ამ ამბებს ვოვა შეეწიროსო”. ცხადია, თვით ვოვამ უკეთ უწყოდა, სასიკვდილო საფრთხის წინაშე რომ იდგა,-აფსუები გულმოდგინედ რომ ემზადებოდნენ სისხლიანი ანგარიშსწორებისათვის, რადგან კაგებე თუ სუკ-ი აქეზებდა მათ აქეთკენ. უწინარესად, სწორედ მათთვის იყო მიუღებელი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ ქართველთა მოთხოვნები. ვოვამ იცოდა, რა გამოუსწორებელი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა აფსუათა და ქართველთა შეტაკებას და ამიტომაც, ცდილობდა მდგომარეობის მშვიდობიანად მოგვარებას ყველაზე ცხელ წერტილებში. იგი მოკლეს, როცა მგზნებარედ მოუწოდებდა აფსუებს გონიერებისათვის მოეხმოთ და დაუნდობელი მტრობით, სისხლისღვრით არ შეებღალათ ძმობა და მოყვრობა, არ შეეგინებიათ წინაპართა სულებისათვის, მათთვის გზამკვლევ აზრებს რომ ჰფენდნენ მომავალ თაობათა საკეთილდღეოდ. “არ მოჰკლა, ძმაო!”-ასე მიუმართავს მას სიკვდილის მთესველ აფსუასადმი.
იმ დღეს სოხუმში დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან ჩამოყვანილი მილიციის მუშაკთა საკმაოდ დიდი ძალები ყოფილა თავმოყრილი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ იზრუნა, რათა დაპირისპირება აქამდე არ მისულიყო. უთავობა და არაორგანიზებულობა უწინარესად კრემლისადმი შიშით იყო გამოწვეული. უთუოდ კაგებეს ხელი ერია აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნიკური ნიშნით გაყოფაშიც.
”მე მახსოვს, როგორ ევედრებოდა ვოვა სტუდენტებს-არ წამოგებულიყვნენ იმპერიულ ანკესზე”,-იხსენებს სერგი საჯაია ზემოთაღნიშნულ ბროშურაში. სამწუხაროდ, იმპერიულ ანკესზე არათუ სტუდენტები, არამედ საქართველოს და აფხაზეთის ხელისუფალნი წამოეგნენ. შეიძლებოდა, უარესი ექსცესებიც მომხდარიყო, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით შექმნილმა აფხაზეთის ხსნის კომიტეტმა შეძლო სადავეების ხელში აღება. სავსებით ვიზიარებთ ბატონი სერგი საჯაიას აზრს იმის შესახებ, რომ “ერთადერთი, ვინც მაშინ გვერდით დაუდგა აფხაზეთის მოსახლეობას (მე ყველა ეროვნების ხალხს ვგულისხმობ, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ) იყო მხოლოდ ეროვნული მოძრაობა-მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია და ისინი, ვინც მათთან ერთად იდგნენ, აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც აფხაზეთს ააცილა გაცილებით მძიმე სისხლისღვრა და უმართავი ვითარება”.
-რატომ ესროლეს ვოვას? რატომ მოკლეს იგი წინასწარგამიზნულად?-ვკითხე ვოვას უფროს ძმას.
ვახტანგ ვეკუა:-“იმიტომ, რომ იმპერიას აფსუას ხელით უნდა მოეკლა ვოვა!”
სეპარატიზმის წინააღმდეგ ვოვას იარაღი ქართველთა და აფხაზთა ისტორიული ძმობის ქადაგება იყო. იმპერიას მიზნისათვის რომ მიეღწია, ამისათვის სწორედ ეს ძმობა უნდა ამოეძირკვა აფსუათა შეგნებიდან. უწინარესად, სწორედ ვოვას ჩამოშორება იყო საჭირო; აფსუათა და ქართველთა ძმობის სადარაჯოზე იდგა ვოვა, ეს არის მისი ფენომენი. მისი ჩამოცილება აუცილებელი გახდა და ჩამოიცილეს კიდეც.
-თვითონ გრძნობდა ამას და ეშინოდა სიკვდილის? ამაზე შემიძლია პასუხი გაგცეთ მისი სიტყვებითვე, სიკვდილამდე თხუტმეტი დღით ადრე რომ მითხრა... ბიძაშვილი დაგვეღუპა წალენჯიხაში. სოჭში ვმუშაობდი მაშინ. მანქანით გამოვუარე და ერთად წამოვედით სამძიმარზე. გზაში ვუთხარი:
-ვოვა, საჭირო კაცი ხარ, არ დადგე ქუჩაში, თორემ გესვრიან, მოგკლავენ...
ვოვამ გაიღიმა და ასეთი რამ მითხრა:
-მე ხალხს ვეუბნები, ჩვენ უნდა გავილაშქროთ სეპარატიზმის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გამოვაფხიზლოთ აფსუები და ეს როგორ გამოვა, მე არ დავდგე ხალხის გვერდით?!
ძმა იყო და გამიგებთ, ძალიან არ მინდოდა, რომ მოეკლათ. მსურდა, როგორმე ზემოქმედება მომეხდინა, რომ მას მეტი სიფრთხილე ჰქონოდა, მაგრამ მისი გადარწმუნება შეუძლებელი იყო. სხვანაირად არ შემიძლია და შევეშვათ ამაზე საუბარსო!
იმ ავადმოსაგონარ დღეს, 15 ივლისს, ლორიკ მელაძის დედას ასაფლავებდნენ. ჩერქეზი ქალი იყო მიცვალებული. ლორიკმა მეგობრებს გვითხრა:
-ძმებო, სასაფლაოზე მამაკაცების წასვლას ჩერქეზული ადათი კრძალავს და ნუ წამოხვალთო.
ქალაქში გამოვედი. სოხუმის ცენტრალურ ქუჩებში ისეთი ავისმომასწავლებელი დაძაბულობა იგრძნობოდა, ვოვას ბედმა შემაწუხა. მის მეუღლეს დავურეკე. მან არ იცოდა, სად იყო ვოვა. გავიარე ქალაქში, სადაც კი თავყრილობები იყო, მაგრამ ვოვას თვალი ვერ მოვკარი. იმ პერიოდში ეშერის სანატორიუმში მქონდა ბინა. შიარულით დაღლილი ვიყავი და იქ წავედი. ცოტა ხანში დარეკეს და მაშინვე გულმა დაიკვნესა. ტანმა მიგრძნო, რომ ვოვას ცუდი რამ სჭირდა.
საავადმყოფოში ვნახე თუ არა, მივხვდი, ვოვა ამქვეყნისა აღარ იყო.
იმ საღამოს ტყვიები მეც დამიშინეს,-ძლივს გადავრჩი, მაგრამ ეგ უკვე სხვა საუბრის თემაა. ისევ ვოვაზე ვიტყვი: იცი, როგორი იყო ვოვა? ხომ ძალიან თავაზიანი, კეთილი, მაგრამ ძალიან პრინციპულიც, როცა კი საქმე საზოგადოდ მნიშვნელოვანს შეეხებოდა-ამ მნიშვნელოვანის უკან უმეტესად საქართველო იგულისხმებოდა. ქართველებზე და საქართველოზე ავის მთქმელებს სიტყვას არ შეარჩენდა, შეუტევდა და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, მუშტებსაც აღარ დაერიდებოდა. ქართული საქმის ერთგული ვაჟკაცი იყო და ასეთსავე ერთგულებას მოითხოვდა სხვებისაგანაც”.
ვოვა ვეკუას თანამოაზრენი, თანამებრძოლები და მეგობრები იხსენებენ:
ზურაბ მამარდაშვილი:-“15 ივლისს მეც იქ ვიყავი, რუსთაველის პარკთან. თავდასხმისთვის მომზადებულნი ყოფილან და აფსუებმა შემოგვიტიეს ორგანიზებულად, დარაზმულად. გაოცებულნი ვერ გავერკვიეთ, საიდან მოფრინავდა ამდენი ქვა და რკინის საგნები. ვცადეთ გავმკლავებოდით, მაგრამ თავს ზევით ძალა აღარ იყო. მეც სიკვდილს გადავრჩი, ვეება ქვა, თავზე რომ უნდა მომხვედროდა, ავიცდინე და იგი მხარზე მოხვდა გვერდით მდგომ მეგობარს, რომელიც თითქმის უგონოდ მყოფი ძლივს გამოვიყვანე ბრძოლის ველიდან. ამიტომაც შეტაკების ბოლო მომენტები არ მინახავს, მაგრამ მრავალ თვითმხილველთაგან ვიცი, ვოვას ფეხი არ მოუცვლია, იგი გონიერებისაკენ მოუწოდებდა აფსუებს. სწორედ ასეთ დროს, გამძვინვარებულ ბრბოს ერთ-ერთმა წარმმართველმა ვოვასკენ ხელი გაიშვირა და დაიძახა: “Эго надо убить!”. რამდენიმე ათეული კაცი უცებ დაიძრა ბრძანების შესასრულებლად. ვოვამ გაქცევა არ იკადრა და აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით-ზვარაკად შეეწირა საქართველოს თავისუფლებას! მისი სახით მეგობრებმა, თანამებრძოლებმა უკეთილშობილესი და უსაყვარლესი ადამიანი დავკარგეთ… ვოვა მამაჩემთანაც მეგობრობდა და შინ ხშირად გვესტუმრებოდა. მამა და მეც ბევრჯერ მივსულვართ მის ოჯახში, სადაც სტუმარი არ ილეოდა. ერთავად კამათსა და საუბარში ვიყავით ჩაბმული. მთავარი თემა მუდამ საქართველო იყო. საქართველო იყო ვოვას საფიცარი და მუდამ მის ირგვლივ ტრიალებდა აზრით,-თვითონ თაოსნობდა, რა როგორ სჯობდა, რა უნდა გაგვეკეთებია აფხაზეთში საქართველოს თავისუფლებისათვის”.
ინდი გაბილაია:-“ვოვას დაღუპვა ძალიან განვიცადეთ. საერთოდაც, დიდი რეზონანსი გამოიწვია, იმდენად დიდი, რომ გაგვიკვირდა კიდეც, მაგრამ მერე, თანდათან მივხვდით-ასეც უნდა ყოფილიყო. სიკვდილის შემდეგ უფრო ვიგრძენით, როგორი გამორჩეული პიროვნება დავკარგეთ.
ვოვას მამის, ვალოდია ვეკუას ოჯახთან გუძულის მეშვეობით (ვახტანგს შინაურობაში გუძულის ეძახიან) დაახლოებულნი ვიყავით ნუგზარ ლატარია და მე. პურმარილიანი ოჯახი იყო. ბატონი ვალოდია, ძველი პარტიული მუშაკი, შინაურ წრეში თავისუფალი აზროვნების კაცად რჩებოდა. აქ იკრიბებოდნენ პატრიოტულად მოაზროვნე ქართველი ინტელიგენტები. დამამახსოვრდა ლეო გვათუა, შოთა გოგოხია, კოლია ბენდელიანი, შოთა ქირთბაია, ხუტა ანჩაბაძე,-ყველას ვერ ჩამოვთვლი.
80-იან წლებში, ვოვა უმუშევარი იყო, უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა და ეკონომიკურად გაუჭირდა, მაშინ სოხუმის პირველი ატკ-ს მთავარ ინჟინრად ვმუშაობდი, ვოვას ჩემთან დავაწყებინე მუშაობა. სამი წელი იმუშავა ამ ატკ-ში. ისეთი მოწესრიგებული პიროვნება იყო, ყველას ძალიან შეგვიყვარდა, პატივს ვცემდით, მაგრამ უკვე სუკ-ი უთვალთვალებდა, კუდში დასდევდნენ როგორც დისიდენტს, ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმულს. მისი ტელეფონი ისმინებოდა. ყველამ იცოდა, რომ იმ პერიოდში, 1986-87 წლებში ვოვასთან ხშირად სტუმრობდა ზვიადი და მერაბი. აფხაზეთში მათი მთავარი დასაყრდენი ვოვა იყო და ცხადია, სუკ-ს უნდოდა მისი კომპრომეტირება და ამის გამო ხშირად შეწუხებული მინახავს. ატკ-ს დირექტორს დაავალეს, რომ გაეთავისუფლებია იგი სამსახურიდან და ასეც მოხდა. მერე გულრიფშის ავტოსაწარმოში იმსახურა ერთხანს. იქაც ავიწროებდნენ.
ვოვასთვის მიტინგებზე მეც მომისმენია. აფსუებთან მდგომარეობის გასამწვავებლად არასოდეს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. მახსოვს, კონსტიტუციის მოედანზე რომ გამოვიდა, თქვა: აფხაზები მიხვდებიან, ძმები რომ ვართო”.
ნუგზარ ლატარია:-“ვოვა საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც გმირი, რადგან იგი საქართელოს თავისუფლებისათვის ბრძოლის დამწყებთა შორის იყო და გმირისთვის დამახასიათებელი კარგი თვისებები ამშვენებდა. ბავშვობიდანვე სამართლიანობის გრძნობა ჰქონდა გამახვილებული. ცხადია, ავტორიტეტული მშობლების გამო მასწავლებელთა ყურადღების ცენტრში ექცეოდა, მაგრამ თვითონ ამიტი არასოდეს უსარგებლია. პირიქით, დაუმსახურებლად ხუთიანს თუ დაუწერდნენ, თურმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მასწავლებელს აუჯანყდებოდა, თანასკოლელებთან კი მუდამ თავდამბლობდა... ასეთად დარჩა დავაჟკაცების შემდეგაც-მოკრძალებული მეგობრებთან ურთიერთობაში, ქრისტიანულად უბრალო”...
დავით ჩიტაია:-“ვოვასთვის სიყვარული იყო თავად ღმერთი, “ვგრძნობ ამაღლებას და სისუფთავეს, სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი”. სიყვარულით ცდილობდა იგი აფხაზთა მობრუნებას. თავის დღიურებში იგი წერდა: “რატომ არ გინდა ჩაიხედო შენს გულში, რატომ არ გინდა შეიცნო თავი შენი, რატომ არ ეძებ ღმერთს, რომელიც შენ დაივიწყე? რატომ არ გიყვარს არავინ, გარდა თავისა? ნუთუ, ვერ გრძნობ, რომ ქვესკნელს ხარ გაკრული”.
ქართველთა კონსოლიდაცია, შეერთება-ეს იყო ვოვასთვის თავისუფლების მიღწევის საშუალება, გზა. “ივერთ შვილებო, მისმინეთ გულით, გავერთიანდეთ ერთიან სულით”. ვოვას ფიქრები მუდამ საქართველოს მომავალს დასტრიალებდა. “არც აღმოსავლეთის იმპულსებია დამამშვიდებელი, არც დასავლეთის. ნუთუ, საქართველოვ, განწირული ხარ? ნუთუ, სხვის შექმნილ მორევს უნდა მინებდე?”-წერდა იგი.
ვოვა ვეკუას ზემოთ მოყვანილ აზრებში, ლექსთა სტრიქონებში, ამასთანავე, სხვა და სხვა პირთა მოგონებებში ჩანს მამაცი, სულიერად ამაღლებული, გულმხურვალე პატრიოტი. ასეც ვიცნობდი და ამიტომაც 1989 წელს მის ხსოვნას მივუძღვენი ლექსი, რომელიც, დროის გასვლის მიუხედავად, დღევანდელ საფიქრალსაც ეხმიანება. ქვეყნდება პირველად.
სოხუმი, 15 ივლისი...
ვოვა ვეკუას ხსოვნას
გამართულ მკლავით, ბნელ-ნათელს შუა
ის დგას სიკეთის სხივით შემკული,
დიდ სათქმელს ამბობს ვოვა ვეკუა,
კაი ყმა ქართულ უდრეკი სულის.
სისხლისმიერი მოკეთე თუა
აფხაზი, ასე ბოღმააშლილი,
იქნებ, გაერკვეს ვოვა ვეკუა,
რას ეუბნება გულგადაშლილი.
ახსენებს ლიხნელ მორდუს, ძუძუმტეს,
ვისთანაც განვლო ყრმობა ზიარად,
ნუთუ, ეს ახლა იმათმა უმტრეს,
-აჟღარუნებენ უნდოდ იარაღს?!
კეთილს სამიზნედ ეძებს ბოროტი,
როცა სრულდება ვერაგი ზრახვა,
აფხაზი, სხვათა ნების რობოტი,
ნამდვილ ძმობას და სიყვარულს მარხავს?!
აჰა, აღსრულდა, მოჰქრის სიკვდილი,
აქ ქვების წვიმას სხვა რაღა ჰქვია?
”-ძმებო, სხივს არ მსურს დაეკრას ჩრდილი,
მოციქულობდეს ჩვენს შორის ტყვია!
ძირძველ აფხაზებს ფლიდი აფსუა
გვართმევს სახელს და სამშობლოს ზეცას,
რადგან ზურგსუკან ვინც გააქსუა,
დგას და აქცია სისხლისმსმელ მხეცად!
უნდა ვხედავდეთ კარგად მომავალს,
ვერიდებოდეთ გადმოყრილ საკენკს
და ერთმანეთში ვართ კვლავ მოვალე,
გზები ვიპოვოთ გულებისაკენ!”
ეშმაკეულნი გულმართალ რაინდს
შემოსჯარვიან სიკვდილის ცელით.
უმსხვრევენ კეფას… მოკლეს და მაინც
სცემენ… მკვლელთ სულში ზიმზიმებს გველი.
მათ არ უწყიან-სახელის შოვნას
ვერ სწვდება ცოდვით ნაზელი რინა*.
თავდადებულის მარადისს ხსოვნას
ქართველი გულში მიუჩენს ბინას.
1989 წელი
ამხედრებული სამეგრელო
-გაიღვიძეთ, აფსუები ხოცავენ ქართველებს!-ავტომანქანების გაბმული სიგნალები და ასეთი შეძახილები 16 ივლისს გამთენიის რიბირაბოში წალენჯიხის ქუჩებში ავისმომასწავლებლად შემოიჭრა და პატარა ქალაქი უცებ ააფორიაქა.
ცენტრალურ მოედანზე მაშინვე შეკრებილ უამრავ ხალხს სოხუმში მოწყობილ ადამიანთა სასაკლაოს შესახებ, თვითმხილველთა მონათხრობს უყვებოდნენ აფხაზეთიდან და ზუგდიდიდან ჩამოსულნი: აფსუები თავს დაესხნენ სოხუმში, რუსთაველის პარკთან შეკრებილ ქართველებს! ისინი არავის არ ინდობენ! აქეთ, ოჩამჩირისა და გალის რაიონებისკენაც მოიწევენ! ქართული მოსახლეობა საფრთხეშია! დახოცილია ქართველი ბიჭები! სასიკვდილოდ დაჭრილია ვოვა ვეკუა!
ვოვას რამდენჯერმე შევხვედრილვარ. ეს ნაცნობობა მისი ყმაწვილბიჭობიდან იწყებოდა. ბიძამისის, ნეტახსენებულ ბატონ ანდრო ჭანტურიას ოჯახთან და მის დიდ სანათესაოსთან მეგობრობამ განსაკუთრებული სითბოთი დამაკავშირა ვალოდია ვეკუასთან და მის ვაჟიშვილებთან. გასაჭირის ჟამს უფრო ვნახულობდი მათ... უკანასკნელად, ანდროს უმცროსი ვაჟიშვილის, წალენჯიხელი გოლიათის, კვაკვას სატირალში, 1989 წლის ივნისის ბოლოს შევხვდი ვოვას და ჭირის სუფრაზე გვერდიგვერდ ვისხედით. როგორც სჩვეოდა, ვოვა ძალიან მოკრძალებით, კოლხური თავაზიანობით მელაპარაკებოდა, დაინტერესდა რა საქმიანობით ვიყავი დაკავებული და მითხრა: მე მჯერა, დღევანდელ ჟურნალისტებს ძალიან დიდი ამბების გაშუქება მოგიწევთ, ახლა მდგომარეობა ქარიშხლის წინ მიწყნარებულ ზღვას მაგონებსო. მეც ვკითხე ზოგი რამ და მისი პასუხებიდან დამამახსოვრდა: აფხაზეთში ქართველობას ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი, კრემლი ახალ-ახალ პროვოკაციებს ეცდება, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ორივე მხარეს-ქართველებსა და აფსუებსაც, მით უმეტეს გააფხაზებულ თანამემამულეებს თვალი ავუხილოთო...
თვალწინ უცებ აღმიდგა ჩვენი ნაცნობობისა და საუბრის ნიუანსები, ვიცოდი მისი შემართებული ვაჟკაცობის, დიდქართველობის შესახებ და სხვა შემაშფოთებელ გარემოებებთან ერთად, ეს ცნობაც მემწარა. განა მარტო მე, წალენჯიხელთაგან ბევრი იყო ვოვასთან მეგობრული გრძნობებით დაკავშირებული... მისი ნათესავნიც ბევრნი ერივნენ ხალხში, მაგრამ ყველაზე უარესი ხომ საერთო საგანგაშო მდგომარეობის გაცნობირება იყო... იშვიათად, რომ სამეგრელოში მოსახლეს ოჯახის წევრი, ან უახლოესი ნათესავი სოხუმსა და აფხაზეთში არა ჰყოლოდა. სამშობლოსა და უახლოესი ადამიანებისადმი თავსდატეხილი დიდი განსაცდელის შეგრძნება ყველას მოგვიწოდებდა ერთობლივად გვემოქმედა.მაგრამ რა და როგორ? ხალხმა უცებ შეიარაღება და ქართველებისადმი მიშველება გადაწყვიტა.-იარაღი ხელისუფლებასაც უნდა მიეცა!
ასეთ სიტუაციაში დავტოვე წალენჯიხა. სამსახურეობრივად მევალებოდა მოვლენების ცენტრში ვყოფილიყავ (საქართველოს ტელევიზიის ზუგდიდის ზონის საკუთარ კორესპონდენტად ვმუშაობდი). დილის 8 საათისთვის ზუგდიდში ჩავედი. იქ ბევრად უფრო მასშტაბური ჩანდა სეპარატისტების საწინააღმდეგო მოძრაობა. ქალაქის ბაღის ბოლოში, სტადიონთან დავინახე ორგანიზებულად მიმავალი ბიჭების ჯგუფი და ვიღაცამ ამიხსნა: ესენი ზუგდიდის ციხის ასაღებად მიდიან, იარაღი უნდა იშოვონო... შეიარაღებული ხალხი უკვე მიეშურება აფხაზეთისკენ და ოცარცეს ხიდთან იკრიბებიანო...
ზუგდიდის ქუჩებში, ყველგან, სადაც კი გავიარეთ, საოცარი, დაუვიწყარი სურათი წარმომიდგა: მთელი მოსახლეობა თავიანთი სახლების ჭიშკრებთან შეკრებილიყო და აფხაზეთის მიმართულებით მიმავალთ ხელებს გვიქნევდნენ, დიდი და პატარა, ქალებიც და ბავშვებიც ომახიანი შეძახილებით გვამხნევებდნენ... “ვოლგა”, რითაც მივდიოდი, უკვე “კამაზებზე” ამხედრებული ხალხის დიდ ნაკადში მიიკვლევდა გზას. აფხაზეთის საზღვარზე, ოცარცეს ხიდთან უამრავი მანქანა-ნაირგვარი თოფებითა და ავტომატებით შეიარაღებული ხალხი შეჩერებულიყო, სახელდახელო სტრატეგიულ გეგმებს ადგენდნენ და თან იარაღს ინაწილებდნენ... საიდანღაც მოჰქონდათ სხვა და სხვა სახის ვაზნები და უცხოებიც კი საჭიროებისამებრ ერთმანეთს ჩუქნიდნენ. პირტიტველა ყმაწვილებს შემართული რევოლვერები ეჭირათ... რამდენიმე “კამაზი” ენგურჰესის მიმართულებით გაიგზავნა, იქიდან საბერიოში უნდა გადასულიყვნენ, რადგან ხმები ვრცელდებოდა, აფსუები იქიდან ეცდებიან მთლიანად ენგურჰესის ხელში ჩაგდებასო, ზოგი იმასაც გაიძახოდა-ენგურჰესის აფეთქება უნდათო!
”კამაზების” დიდი კოლონა გალის მიმართულებით დაიძრა და მივყევით. ჩემთან ერთად იყო რამინ გოგოხია, წალენჯიხის კონტროლის კომიტეტის თავჯდომარე (სხვების ვინაობა უკვე აღარ მახსოვს). გალს რომ გავცილდით, გზაში სულ უფრო ხშირად გვხვდებოდა სოხუმიდან გამოქცეულთა ავტომანქანები, რომელთა მგზავრები დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ-აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ და აქით მოიწევენო.
-უიარაღონი უკან გაბრუნდით!-გაისმოდა ბრძანებები “კამაზებზე” ამხედრებულთაგან, რომლებიც საბრძოლველად ისე აღტყინებულნი ჩანდნენ, რომ ამ სტიქიური ძალის შეჩერება ძნელად თუ შეეძლო რაიმეს. შემაძრწუნებელი სურათი იხატებოდა თვალწინ, რადგან, რაგინდ მტრობაც ჩამოვარდნილიყო, ნორმალური ქართველი კაცისაგან გუშინდელ მოძმეთა და ძუძუმტეთა განუსჯელი ხოცვა-ჟლეტა, რაც უმართავ პროცესებს შეიძლება მოჰყოლოდა, არ უნდა მომხდარიყო. ჯერაც, ხშირ შემთხვევაში, ძმობა და სიყვარული იყო აფსუათა და ქართველთა შუამავალი. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ იმ პერიოდში ამ სტიქიური ძალის შეჩერება მხოლოდ ზვიადისა და მერაბის დიდ ავტორიტეტს შეეძლო და ასეც მოხდა! ზვიადთან შეთანხმებით, მერაბ კოსტავამ შეუძლებელი შეძლო... ღალიძგასთან მის მიერ ამ ლაშქრის შეჩერებამ აფსუები კატასტროფისაგან იხსნა... აფსუათა მხრიდან ამის დაუნახაობა,-ისევე, როგორც ბევრი სხვა რამისაც, დიდი უმადურობაა.
უიარაღოებს მაშინ სხვა რაღა უნდა გვექნა... გული კი გვეთანაღრებოდა, მაგრამ უკან გამობრუნება უფრო გონივრულად მივიჩნიეთ.
იმავე დღეს ტელევიზიის კომიტეტს დაუკავშირდი და დავალება მივიღე ამომწურავი ინფორმაციით თბილისში გამოვცხადებულიყავი.
19 ივლისს გამოვედი ტელევიზიით და სამეგრელოში ნანახ-განცდილი ავსახე მოკლედ. “მოამბის” რედაქციაში გავიგე ვოვა ვეკუას დაღუპვა, რამაც ძალიან დამამწუხრა. იგი წინა დღეს გარდაიცვალა.
სამეგრელოს რაიონებიდან ყოველდღიურად, სოხუმში, ვოვას ჭირისუფალთან მისასამძიმრებლად უამრავი ადამიანი ჩადიოდა. 23 ივლისს წალენჯიხელა თითქმის ასკაციან კოლონას გავყევი მეც. ცხედარი ეროვნული დროშებითა და უამრავი თაიგულით მორთულ დარბაზში ესვენა. ირგვლივ ხალხის ტევა არ იყო. ვოვას მეგობრებმა, ყველანი, ჯგუფებად დაცალკევებულნი ჭირის სუფრაზე წაგვიყვანეს. ისინი თავს გვევლებოდნენ-თქვენი მოსვლით ჩვენს სათაყვანებელ ძმას და მეგობარს, ღირსეულ მამულიშვილს ეცით პატივი და ამიტომაც, მუდამ თქვენს სამსახურში გვიგულეთო! თამადას გიგლა ერქვა. გვარი არ მიკითხავს. მან მითხრა: ტელევიზიით რომ გამოხვედი, მოგისმინეთ, მოგვეწონა, მაგრამ უფრო ომახიანი და დიდი ტანისა ჩანდიო. აღფრთოვანებულნი ვართ სამეგრელოს მხარდაჭერით. ასე ერთსულოვანი თუ ვიქნებით, ვინ რას დაგვაკლებსო! სამწუხაროდ, მერე არც სამეგრელოს მხარდაჭერა გამოდგა შედეგიანი და ვერც თვითონ აფხაზეთის ქართველებმა გამოიჩინეს საჭირო ფხა. ერთსულოვნებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არც მაშინ და არც მერე სათანადოდ არავინ გაანალიზა მომხდარი, თორემ არ ექნებოდა ადგილი ისეთ გულარხეინობასა და დანაშაულებრივ დაუდევრობას, რასაც აფხაზეთში ომი მოჰყვა, თავისი ყველაზე მძიმე შედეგებით.
25 ივლისს, აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღეს, მეუღლესთან ერთად, საკუთარი “ჟიგულით” გავემგზავრე წალენჯიხიდან სოხუმში, ვოვას დაკრძალვაზე დასასწრებად. ახლა წალენჯიხელთა კიდევ უფრო დიდი კოლონა მიემართებოდა ვოვას ჭირისუფალთა და მეგობართა სანუგეშებლად. ქართველთა საერთო გასაჭირში თანაგრძნობისა და თანადგომის გამოსახატავად. ასევე, უამრავი მანქანა იყო ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რაიონებიდან. კოდორის ხიდთან რუსმა სამხედროებმა გაგვაჩერეს და საბუთები შეგვიმოწმეს. ჩემს პასპორტში თბილისის ჩაწერა რომ აღმოაჩინეს, მითხრეს, უკან უნდა მიბრუნდე, დღეს სოხუმი კერძო მანქანებისათვის დაკეტილია, თბილისში ჩაწერის მქონეს იქ ვერ შევუშვებთო. მეუღლემ უთხრა, რომ დაკრძალვაზე მივდივართ, ნათესავი მოგვიკლესო.
-ძალიან სასიამოვნოა!-უტიფრად მიუგო რუსმა მაიორმა და მე ხელი უდიერად ამიქნია.-მოვრჩით ლაპარაკს!
-საქართველოს ტელევიზიის თანამშრომელი ვარ,-პირადობის მოწმობა დავანახე.-სხვები ხომ გაუშვით!
-ნათქვამი ვერ გაიგე?!-ხელების სწრაფი მოძრაობით მხარზე მოგდებული ავტომატი წინ გადმოხარა და ლულა მკერდზე მომიშვირა საველეფორმიანმა ჯარისკაცმა. მეორე წუთს ჩახმახიც გაჩხაკუნდა. კამათი აშკარად სახიფათო იყო. ისინი ხომ დაუნდობელი იმპერიის ნება-სურვილის აღმსრულებელნი იყვნენ. წალენჯიხელები, ალბათ, აფხაზეთის მცხოვრებნი ეგონათ და ამიტომაც გაატარეს. გამოვბრუნდი. კინდღში “ჟიგული” უცხო ოჯახს მივაბარეთ და ავტობუსით წავედით. იმავე ხიდთან ავტობუსიც შეაჩერეს და რუსის სალდათებმა მგზავრები შეგვათვალიერეს... რუსეთის იმპერიის განსაკუთრებულად ვერაგი მტრული განწყობა საქართველოსადმი უკვე იწყებოდა. ვინც მერე აღმოჩნდა მოვლენების სადავეებთან, ეს არ გაითვალისწინა.
ვოვა ვეკუას დაკრძალვას ზრვა ხალხი დაესწრო. იგი ღირსეული პატივით, ეროვნული დროშებისა და წითლად ხასხასა ვეება თაიგულების მორევში ჩაფლული ჩამოასვენეს სახლისწინა დაღმართზე. პროცესია ქართულ საშუალო სკოლასთან შეჯგუფდა. სკოლის ეზოში ყველა ვერ დაეტია და მიმდებარე ქუჩებიც ხალხით გაივსო. სამგლოვიარო მიტინგზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა ზურაბ ჭავჭავაძემ, მაგრამ ხალხს თითქმის არაფერი არ გაუგონია, რადგან ადგილობრივ ხელისუფალთ მიკროფონით სარგებლობის უფლება არ მიუციათ. ამიტომაც, ეს ბოლო სამგლოვიარო ცერემონიალი უღიმღამოდ ჩატარდა და ამან ცოტათი გააფერმკრთალა სხვა შთაბეჭდილებაც. იგრძნობოდა ერთგვარი შიში, აფსუები კვლავ არ დაგვესხან თავსო-ხალხის ერთი ნაწილი მიტინგის მსვლელობისას დაიშალა. წალენჯიხელები ბოლომდე დავრჩით და რამდენიმე კილომეტრზე გაწელილ პროცესიას გავყევით სასაფლაომდე.
* რინა-ყოფიერება, ცხოვრება
Nessun commento:
Posta un commento